“მივესალმებით ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ღაზიდან ევაკუაციას”- ევროკომისია

82
spot_img

ევროკავშირი მიესალმება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების, ასევე დაშავებულების ევაკუაციას ღაზასა და ეგვიპტეს შორის მდებარე რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით, – ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ეგვიპტის ხელისუფლებას მადლობას უხდის ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის ევროპელ მოქალაქეებს, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს და მათ ოჯახებს საშუალება ეძლევათ უსაფრთხოდ შევიდნენ თავიანთ ქვეყნებში.

„უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნას ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელიც და აცხადებს, რომ ევროკავშირის პრიორიტეტს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და მძიმე სიტუაციის შემსუბუქება წარმოადგენს.

„მადლობას ვუხდით ეგვიპტეს ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის, რათა ადამიანებს, მათ შორის დაშავებულებს, ღაზას დატოვების საშუალება მიეცეთ. ასევე მადლობას ვუხდით აშშ-სა და კატარს, რომ შუამავლობდნენ ამ ჰუმანიტარულ შეთანხმებას. ჩვენი მხრიდან, სრულად მობილიზებული ვართ და ვთავაზობთ მხარდაჭერას ღაზაში ტანჯვის შესამსუბუქებლად. მოვუწოდებთ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და პაუზების გამოცხადებისკენ, გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და მზარდი მძიმე სიტუაციის შემსუბუქება ჩვენი პრიორიტეტია“, – აცხადებს ბორელი.

BBC-ის ინფორმაციით, ღაზას დატოვება და ეგვიპტეში გადასვლა გუშინ 400-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო. რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ღაზის სექტორიდან გასვლის საშუალება დღეს, დაახლოებით, 500 ადამიანს მიეცემა.