მიუნხენის კონფერენციაზე გამართული შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მობილიზებაა”- დარჩიაშვილი

20
spot_img

გასული წლების მსგავსად წელსაც მიუნხენის კონფერენცია წარმატებული იყო. საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს –  ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებას იმ საკითხების გარშემო, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია – ასე შეაფასა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ქართული მხარის მონაწილეობა.

მინისტრის თქმით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ პროცესსა და ამ გზაზე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების – გერმანიისა და საფრანგეთის  – მხარდაჭერის მნიშვნელობას.

სწორედ გერმანია და საფრანგეთი არიან ერთ-ერთი მთავარი ძლიერი ქვეყნები ევროკავშირში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს. მქონდა უაღრესად საინტერესო შეხვედრა საფრანგეთის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მან აღმითქვა მხარდაჭერა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს უკვე გერმანელ პარტნიორებთან და კოლეგებთან გავაგრძელებთ საუბარს ამის შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ საფრანგეთი და გერმანია, ორი ძლიერი ქვეყანა ევროკავშირში იყვნენ თანმიმდევრულნი და მხარდაჭერა გამოუცხადონ ჩვენს ქვეყანას მომავალი ინტეგრაციის გზაზე, რომელიც არის კომპლექსური, თუმცა ამ ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები იყო კონკრეტული შედეგის მომტანი, მათ შორის, გადაწყდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში. ასევე, მინისტრის ინფორმაციით, გაიმართა ნაყოფიერი შეხვედრები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-ს დელეგაციასთან, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები განიხილეს.

ილია დარჩიაშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს დღესაც განაგრძობს, იგი გერმანიის მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელებს შეხვდება.