“მითხარით, სად ისწავლოს ქართველმა ახალგაზრდამ თანამედროვე ეკონომიკა?!” – დემურ გიორხელიძე

202
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

მართალია, საქართველოს დილეტანტი ხელისუფლებები ასეთ საკითხებზე არ ფიქრობენ, არც იციან და არც უნდათ, რომ იცოდნენ, – მაგრამ დალაგებულ ქვეყნებს რომ უყურებთ და ისეთი ქვეყანა გნებავთ, მხარს კი ბელადებს და მათ მატარებელს მოყოლილ ბალასტს უჭერთ, -არაფერი გამოვა!

ის ქვეყნები ცოდნამ, პოლიტიკურმა პასუხისმგებლობამ და საკუთრის განვითარების დიდმა ამბიციამ გახადა ისეთი აყვავებული და არა გაუნათლებლობამ, დამპალმა იდეოლოგიამ და უზნეო და უნამუსო საშუალო და უფროსი თაობის “პროფესორებმა” და “მეცნიერებმა”, ახალგაზრდების მცირე ნაწილი რომ ჩაიგდეს ხელში დამპალ უნივერსიტეტებში და ანადგურებენ მათ ცნობიერებას!

აი, რა მინდა გითხრათ ამ შენიშვნით:
თანამედროვე ს ი ვ რ ც ი თ ეკონომიკაში (რომელიც არსად ისწავლება საქართველოში!) “ცენტრალური ადგილის თეორიას” მნიშვნელოვანიადგილი უჭირავს.

ეს თეორია (რომელიც გეოგრაფიიდან მოდის), ცდილობს ახსნას და აჩვენოს დასახლებული პუნქტები როგორ უნდა განლაგებული იქნან ერთმანეთის მიმართ, ცენტრალური ადგილი ბაზრის რა ფართობს შეიძლება აკონტროლებდეს და რატომ არის, რომ ზოგიერთი ცენტრალური ადგილი ფუნქციონირებს როგორც სოფელი, როგორც დასახლება ან როგორც ქალაქი.

გასაგებია?!

და არა ისე, როცა საქართველოს რეგიონები პარტახდება და ადამიანების დიდი ნაწილი თბილისში იყრის თავს, რაც არა მარტო არანორმალურია, არამედ, გამანადგურებელიც და წარმატებით ახორციელებს დასახულ მიზანს – ქართველების გაყრა-გაძევებას საკუთარი ქვეყნიდან!

სწორად განლაგებულ დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებში, რომელიღაც ერთეულები ცენტრის ფუნქციას ასრულებს და წარმატებით უზრუნველყოფს საქონლისა და მოსახურების მიწოდებას მის გარშემო განლაგებულ დასახლებებსა და ქალაქებში მცხოვრებთათვის!

მაგრამ ეს ამოცანა რომ გადაწყდეს წარმატებით, -ამას უმაღლესი რანგის პროფესიონალები სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკაში (პასუხისმგებლობა და ცოდნა), არამედ, უმაღლესი კლასის ეკონომისტები!

საქმე ისაა, რომ ამ ამოცანის (დროსა და სივრცეში განაწილების, ანუ ალოკაციის) გადაჭრას აუცილებლად სჭირდება ისეთი უმაღლესი კლასის მათემატიკური აპარატი, როგორიცაა ფუნქციონალური ანალიზი და არა მხოლოდ!
საქმე უფრო რთულადაა!

ფიზიკოსი შეიძლება არ იყოთ, მაგრამ “ველის თეორია” ყურმოკვრით მაინც გაგებული გქონდეთ!

მოკლედ ავხსნი: ველის თეორიას მრავალი წარმოდგენა აქვს, რომელიც გულისხმობს ფიზიკაში მნიშვნელობებსა და განსაზღვრებებს. ეკონომიკასთან მიმართებაში ველი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც «სივრცეში რაღაც მოქმედი ძალის გადაცემის გარემო».

ძირითადი მათემატიკური აპარატი დაფუძნებულია კომპლექსური ანალიზის კონფორმული ასახვის კონცეფციაზე, მაგალითად, ელექტროსტატიკის, გრავიტაციული ველის და თბოგადაცემაზე (უფრო ზუსტად, თბოგაცვლაზე) და ა.შ.
ამ მიზეზის გამო აუცილებელი ხდება “ველის თეორიის” გამოყენება “სივრცით ეკონომიკაში”, განსაკუთრებით კი “ცენტრალური ადგილის თეორიისთვის”, რათა ამ თეორიისთვის უზრუნველყოფილი იქნას მყარი თეორიული ბაზა.

p.s.

მითხარით ერთი, სად ისწავლოს ქართველმა ახალგაზრდამ თანამედროვე ეკონომიკა?!

ქართულ უნივერსიტეტებში, სადაც კი არსებობს სპეციალობა “ეკონომიკა”? სად? რას ასწავლიან ამ უნივერსიტეტებში, ის ოდნავ მაინც უახლოვდება თანამედროვე ეკონომიკის სწავლებას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში? შეგიძლიათ მაჩვენოთ ერთი სტუდენტი “ეკონომიკის” სპეციალობაზე, რომელსაც წაკითხვაც კი შეუძლია თანამედროვე ეკონომის სახელმძღვანელოებისა, რომელიც საყოველთაოდ ისწავლება ყველა წამყვან უნივერსიტეტში?

ვერ მაჩვენებთ!

შეიძლება ამ სახელმძღვანელოების წაკითხვა ერთმა-ორმა პროფესორმა შეძლოს! სულ ესაა!

დაინტერესებულ ახალგაზრდა ეკონომისტებს, ვისაც სურვილი ექნება, 20 მაისიდან განვაახლებ სამეცნიერო სემინარს “თანამედროვე ეკონომიკა – მაკროეკონომიკური კვლევები”. სემინარი თვეში ერთხელ გაიმართება. 20-ში მოხსენებას მე გავაკეთებ თემაზე “ფირმის მდგრადობის არაწრფივი დინამიკური მოდელი”.

ადევნეთ თვალყური განცხადებებს: სადღაც წლის ბოლოსთვის ზემოთ აღნიშნულ თემასაც განვიხილავ სემინარზე.