“მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლა იყო” – კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

264
spot_img

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობა დასავლელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინებით მოხდა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით. მოგვცეს გზამკვლევი თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორი დღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე სიბინძურე უწოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ხაზი გაუსვა რომ ბიძინა ივანიშვილი უდიდესი ქველმოქმედოა და არა ოლიგარქი.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის  არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ქველმოქმედება აქვს ქვეყანაში გაკეთებული. აღარ ჩამოვთვლი პროექტებს, რაც ამ ადამიანმა და მისმა საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა, აკეთებს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა 2011 წელს და ის სისხლიანი რეჟიმი, ის ბოროტება, რომელიც დაკავებული იყო ოჯახების, ადამიანების გაუბედურებით, ბიზნესის რეკეტით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, გაუშვა იქ, სადაც გასაშვები იყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით,  „ბინძური ლობიზმის“ შედეგია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და ევროპარლამენტარების ის განცხადებები, რაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„რაც შეეხება იმ ბინძურ პროპაგანდას, რაც ვნახეთ, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იყო კონკრეტული თანხების სანაცვლოდ, ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციები. ეს არის სამწუხარო რეალობა და მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ეს ევროპა არ არის, მეგობრებო. ევროპული მომავალი და ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, არ არის ეს. ეს არის სიბინძურე, რაც ჩვენ ვნახეთ. ნამდვილ ევროპა და ევროპული მომავალი არის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუნძნებული, ეს არის სამართლიანობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, რომ არ არსებობს და ძალიან დიდი სიბინძურეა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ თუ ფულს გადაიხდი, შესაძლებელია ნებისმიერი რეზოლუციის მიღება. სამწუხაროა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ჩვენ როდესაც ამას ვპასუხობთ და ვიცავთ სიმართლეს, თავდასხმას უწოდებთ, თუმცა ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს რეალობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.