საუბედუროდ, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს, მისაღებად მიმაჩნია, ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.
„კაცი ახალი მოსულია და არ მინდა, მის დასანქცირებაზე ველაპარაკო. მინდა, ველაპარაკო ჩემს პროექტებზე, იქნებ, რაიმე დამიჯეროს. მაგალითად, ამ მასშტაბის ქველმოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ქველმოქმედება ბოლომდე მიიყვანოს და ქართველ ხალხს უბოძოს სამართლიანობა, სიმდიდრე, რომელიც დღეს უპატრონოდ არის მიგდებული. ანუ, სახელმწიფო ქონება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად გადანააწილოს. ამაზე დიდი ქველმოქმედება მსოფლიო ისტორიის მანძილზე არავის ექნება გაკეთებული. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. იცით, რომ ოლიგარქიული მმართველობის გულშემატკივარი ვარ ერთპიროვნულ მმართველობასთან შედარებით. საუბედუროდ, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს და ვერ ავმაღლდით ოლიგარქიულ მმართველობამდე. მისაღებად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, მაგრამ ადამიანს ოლიგარქს ძალით ეძახიან და ასეთი არაფერი მინახავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.