“მინდა გკითხოთ, რა დაგიშავათ ემიგრანტებმა?” – გიორგი ვაშაძე ილია დარჩიაშვილს

42
spot_img

საგარეო საქმეთა მინისტრს მინდა დავუსვა მთავარი კითხვა, რა დაგიშავათ ემიგრანტებმა? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს არ არეგისტრირებს.

„800 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა 2012 წლის შემდგომ ქვეყნიდან წასულიყო იმიტომ, რომ შემოსავალი, სამუშაო ადგილი არ აქვს. ფასების ზრდის პირობებში უბრალოდ, ოჯახს ვერ არჩენენ. წავიდნენ ადამიანები იმისთვის, რომ სარჩო-საბადებელი იშოვონ და აქ შვილებს გადმოურიცხონ. მილიარდები შემოდის აქედან საქართველოს ეკონომიკაში. ყველა ჩვენს თანამემამულეს უნდა საქართველოში დაბრუნება. ადამიანები შვილებს ტოვებენ და ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან. ბებია-ბაბუა ემიგრაციიდან ჩამოვიდნენ, ახლა მათი შვილები მიდიან ემიგრაციაში. მინდა გკითხოთ, რას ერჩით ამ ემიგრანტებს? ადამიანები, რომლებიც საკონსულოში მოგმართავენ საკონსულო აღრიცხვაზე და თქვენი საკონსულოები მათ არ არეგისტრირებენ. მაგალითად, ხელში მაქვს ბოლო ერთი თვის სტატისტიკა ნიუ-იორკის საკონსულოსთან დაკავშირებით. 52-მა ადამიანმა მიმართა ნიუ-იორკის საკონსულოს რეგისტრაციისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, ადამიანები საზღვარგარეთ უკიდურესი გაჭირვების გამო მიდიან და ხელისუფლება მათ პირიქით, ისედაც მძიმე გარემოს უმძიმებს.

„ვინ იცის, რისთვის სჭირდება გაჭირვებაში მყოფ ჩვენს ემიგრანტს საკონსულო აღრიცხვა იმ ქვეყანაში, სადაც ის დროებით ცხოვრობს, მაგრამ თქვენ არ არეგისტრირებთ და ამბობთ, რომ არ არის თქვენთვის პრიორიტეტი“, – განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის ამ განცხადებას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.