მიხეილ სააკაშვილი ისეთი მუხლით არის გასამართლებული, რომელ მუხლზეც ამნისტიის გავრცელება სტრასბურგის სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევად აღიქმება – ასეთი კატეგორიის მუხლებთან დაკავშირებით ამნისტია გამოყენება არ შეიძლება! მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელების შანსი არის ნული! – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ნაწილის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.
ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების დღის წესრიგში საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღება არ დგას.
“პირველ რიგში, ჩვენ აღნიშნული პროექტი უნდა შევისწავლოთ და დავამუშაოთ. რაც შეეხება ამნისტიას, ყოველ ჯერზე როცა დღის წესრიგში ამის აუცილებლობა დგება, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას იღებს – ჩვენ ამნისტიის არაერთი აქტი გამოგვიცია. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რასაც ყველა უწყების ფართო ჩართულობა სჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დგას!
ამნისტია კონკრეტულ პირებს არ ეხება. ამნისტია არის აქტი კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით და საკითხის კონკრეტულ პირებთან მიმართებით დასმა არასწორია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ შეწყალებაზე იმსჯელა – პრობლემაა ისეთი მუხლით გასამართლებული თანამდებობის პირის ამნისტია, რომელი მუხლით გასამართლებულ პირსაც ობიექტურად ამნისტიის შეხება არ ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა სწორედ ასეთია.
წინა ხელისუფლების დროს ციხეში 24 000 პატიმარი იყო, ახლა დაახლოებით 10 000 პატიმარია, რაც რადიკალური სხვაობაა. ამნისტიის გამოცემა ერთბაშად ვერ მოხდება – ყველაფერს შეფასება, სამართლებრივი პრინციპის გათვალისწინება, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება სჭირდება.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ როცა პირს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამის ლოგიკური შედეგი არის სასჯელი – სამართლიანი და დაბალანსებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.