მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია!-ირაკლი კობახიძე

44
spot_img

მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! – რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ის სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა.

„მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! რა თქმა უნდა, წესდება შესაბამისი რეგულაცია, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თანაზომიერების პრინციპიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს კანონი სრულად თავსებადია, როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ის სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ამ კანონს შესაძლოა ვეტო დაადოს“,- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი – 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.