აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული ღია კაფეების მესაკუთრეებს მერია სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს

547
spot_img

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს გონივრულ ვადას აძლევს, რათა გარეთ მოწყობილი დასაჯდომი სივრცეები მოაწესრიგონ.

კალაძის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიას რეაგირება და საკითხში მუნიციპალური ინსპექციის ჩართვა მოუწევს.

„აღმაშენებლის გამზირზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის კვეთამდე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოსურად განთავსებული ღია კაფეები პრობლემას უქმნის გადაადგილებისას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ყველა იმ პირს, ვინც ამ ქუჩაზე დღის განმავლობაში გადაადგილდება. ჩვენ ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი, რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ? მაგრამ ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. დავით ნარმანიას მერობის პერიოდში აღნიშნული სივრცე განახლდა და ერთი სიამოვნება იყო იქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს ყოველგვარი ნებართვის გარეშე. პანდემიის პერიოდში ყველანაირად გვერდში დაგიდექით, რომ აღნიშნული სივრცეები მოგეწყოთ გარეთ, რადგან შიგნით შეზღუდვა იყო. იმისთვის, რომ ბიზნესის თვალსაზრისით პრობლემები არ შეგქმნოდათ, მოგეცით შესაძლებლობა, გარე სივრცეები გამოგეყენებინათ. თუმცა, მძიმე მდგომარეობაა ვიზუალური თვალსაზრისითაც, გემოვნების თვალსაზრისითაც, ასევე, ორივე მხარეს იმდენადაა გამოწეული დასაჯდომი სივრცეები, გავლა შეუძლებელია; ამასთან, სახანძრო საჭიროების ან სასწრაფო დახმარების თვალსაზრისითაც პრობლემაა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. გეძლევათ ვადა, რომ მოაწესრიგოთ აღნიშნული პრობლემა – როგორც ვიზუალური მხარე, ასევე, ნებართვების თვალსაზრისით, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება მოგვიწევს და ჩართული იქნება მუნიციპალური ინსპექცია. გაქვთ დრო, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარებული იყოს. ვიზუალური მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, თქვენთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.