,,მერე მიადექით „ქართუს“, დაიწყეთ მისი გაკოტრება და თავისუფლების მოედნიდან საინკასაციო მანქანა მოიპარეთ”- ცაგარეიშვილი

96
spot_img

შევახსენებ საზოგადოებას, რომ დაახლოებით 2011 წლის ნოემბრის თვეში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დარბაზში ბანდიტური, რეიდერული გზით შემოიტანა კანონპროექტების პაკეტი, და ეს ბატონმა რომანმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა, მისი ამოღებული ხმა ადამიანს არ ახსოვს არც ამ პარლამენტში და რაც ამ ქვეყანაში. თქვენმა ძვირფასმა ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიტანა კანონპროექტები იმიტომ, რომ გაენადგურებინა ბანკი „ქართუ“, მანამდე გაანადგურეთ ბადრი პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკი“ და ამაში შეიძლება თქვენც წვლილი მიგიძღვით ბატონო რომან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, მას კარგად ახსოვს, თუ როგორ გაანადგურა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბადრი პატარკაციშვილის ბანკი, ხოლო მე-10 მოწვევის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის, რომან გოცირიძე, წინა ხელისუფლების მიერ ბანკების ხელში ჩაგდების მიზნით დაინიცირებულ კანონპროექტებს, მაშინ მხარს უჭერდა. მმართველი გუნდის წევრმა გაიხსენა თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე მილიონით დატვირთული ბანკი „ქართუს“ საინკასაციო მანქანის გატაცების ეპიზოდიც და აღნიშნა, რომ გატაცებული თანხა, რამდენიმე თვეში, ეროვნული ბანკის ანგარიშზე ერთ-ერთმა პროკურორმა დააბრუნა.

„პირწმინდად მოსპეთ ბადრი პატარკაციშვილის ბანკი, მერე მიადექით „ქართუს“, შეიყვანეთ იქ მმართველები, დაიწყეთ მისი გაკოტრება. დღისით, მზისით, ბანდიტური, ყაჩაღური გზით დაავალეთ თქვენს ზონდერებს, ნაძირლებს და თავისუფლების მოედანზე გაიტაცეთ 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო. საინკასაციო მანქანა მოიპარეთ საერთოდ და მერე იცით რა აღმოჩნდა? გადის რამდენიმე თვე და ვიღაც ვიგინდარა პროკურორი მიდის თქვენი სახელით ეროვნულ ბანკში და საკორესპონდენტო ანგარიშზე აბრუნებს ამ თანხას. ეს თუ იცოდნენ საქართველოში? – თუ არ იცოდნენ, შეგახსენებთ ამას, ეს ახალი ამბავი იქნება თქვენთვის? გადის დაახლოებით ორი თვე და ზუსტად იგივე შემადგენლობამ დეპუტატების ნაცებიდან შემოიტანა ისევ კანონპროექტების პაკეტი, დაარეგისტრირა თავიდან თებერვლის თვეში.

აქ იყო მობრძანებული მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ზონდერ-ბანკირების მთელი შემადგენლობა, რომლებიც თქვენი ხელის ბიჭები და ხელის გოგონები იყვნენ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.