,,მე მგონია, რომ ყველა ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟსა და მუქარას ახორციელებენ”- პრემიერი

14
spot_img

გამაოგნებელი იყო ის მუქარა, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ფიზიკურ საფრთხეებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო დიალოგზე საუბრისას განაცხადა. ამ საუბარში ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩამოუთვალა ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა ფრაზა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

„როდესაც პირდაპირ მიგანიშნებენ ტერორისტულ თავდასხმაზე პრემიერ-მინისტრის მიმართ და როცა მინიშნება უკავშირდება შესაძლო განვითარებას შენს ქვეყანაში, კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის გამაოგნებელი და შემაშფოთებელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი და მუქარა დარჩება შანტაჟად და მუქარად. მე მგონია, რომ ყველა ეს მუქარა და მთლიანად, ეს შანტაჟი არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული თვითონ იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ შანტაჟსა და მუქარას ახორციელებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე შანტაჟის კატეგორიას მიაკუთვნებს პრემიერ-მინისტრი იმ განცხადებებს, რომელიც სანქციების დაწესებასთან მიმართებაში კეთდება.

„რეალურად, სანქციებით თუ სავიზო შეზღუდვებით მუქარა არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ეს შეზღუდვები გავრცელდა რამდენიმე მოსამართლეზე, მათ შორის სამ მოქმედ მოსამართლეზე და შედეგად მიიღეს ერთადერთი – საკუთარი რეპუტაციის შელახვა. ვერანაირად ვერ შეზღუდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მისი ქმედითობა და სამაგიეროდ თავად მიიღეს რეპუტაციული ზიანი, როდესაც დადასტურდა, მათ შორის მათივე განცხადებებით, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაასანქცირეს მოსამართლეები. რა თქმა უნდა, ასეთივე კონტრპროდუქტიული იქნება სანქციებით მუქარა, რომელიც დაკავშირებულია უკვე პოლიტიკური თანამდებობის პირებთან“, – მიიჩნევს პრემიერი.