“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ჩვენი მონაწილეობის განახლებამ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა”

22
spot_img

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, რომლის მუშაობაშიც ცნობილი მოვლენების შემდეგ მონაწილეობას არ ვიღებდით, ჩვენი მონაწილეობის განახლებამ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა – საქართველო ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია და მასში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია! – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც როგორც აღნიშნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანგარიში წარადგინა.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, იმ აგრესიული ომიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მნიშვნელოვანი კრიზისი დადგა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მხრიდან რუსული აგრესია თავიდანვე მკაფიოდ და მკაცრად დაიგმო.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, ამას მთელი რიგი ორგანიზაციული გადაწყვეტილებები მოჰყვა, რადგან შეუძლებელი გახდა რუსეთის იმ წარმომადგენლობის გაგრძელება, რა წარმომადგენლობაც მათ აღნიშნულ ორგანიზაციაში ჰქონდათ.

„რუსეთი ამ ორგანიზაციაში საწევროს აღარ იხდის, რუსეთის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში აღარ მონაწილეობს. ამავდროულად, რუსეთის წარმომადგენელი ასამბლეის პრეზიდენტი აღარ არის. ამჟამად არჩეულია პოლონეთის სეიმის წარმომადგენელი – მართლმადიდებელი კაცი და ახალ არჩევნებამდე მოვალეობას ის ასრულებს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა არის საპარლამენტთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საპარლამენტო დემოკრატიის დამკვიდრების, ხალხთა შორის – მათ შორის რელიგიური და კონფესიონალური დიალოგის ჩამოყალიბებას მიზანს ემსახურება. ამავდროულად, ემსახურება იმას, რომ ევროპის არქიტექტურის მშენებლობაში და მომავლის განსაზღვრებაში ყოველთვის იყოს გათვალისწინებული ის ფუნდამენტური ქრისტიანული ფასეულობები, რაც ევროპული ცივილიზაციის შექმნა-განვითარების და ჩამოყალიბების აუცილებელი კომპონენტი იყო.

ცნობილი მოვლენების შემდეგ ორ წელიწადზე მეტი ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას არ ვიღებით, მაგრამ ჩვენი მონაწილეობის განახლებამ და ჩართვამ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა.

რაც მე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებიდან გამომდინარე განვაცხადე იყო ის, რომ უნდა მომხდარიყო წესდების ცვლილება, რადგან მიდგომა, რომელიც რუსეთის წარმომადგენლის მუდმივად პრეზიდენტის პოსტზე ყოფნას განაპირობებდა, მით უფრო ახალი რეალობებიდან გამომდინარე, უკვე მიუღებელი იყო – ამის გათვალისწინება მოხდა. შეიქმნა სპეციალური სამანდატო კომისია, რომელმაც ამ ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქცია უნდა შეიმუშაოს და შემდეგ გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცოს. ჩვენ ასევე მკაფიოდ მოვითხოვეთ, რომ ასამბლეის საბოლოო დეკლარაციაში, სადაც საუბარია კვიპროსისა და უკრაინის ვითარებაზე, შესულიყო, რომ ასამბლეა გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – გენერალურმა ასამბლეამ ამას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა ჩაიშალა. ასამბლეის სხდომას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობდა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩაჯდომამ, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.