“მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს”

32
spot_img

მართალია, „ქართული ოცნება“ იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ შეიძლება, 40%-იც კი სათუო გაუხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ვენეციის კომისიის მხრიდან ახალი კანონპროექტის შეფასებაც.

“ყოველ ნაბიჯზე დასტურდება, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოში 2024 წლის არჩევნებს და მის ჩატარებას სრულფასოვანი პროცესის თვალსაზრისით. ამის ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ძალით მიღებული ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების და მოქალაქეების მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლება არ ისმენს. რაც შეეხება მომდევნო დაკვირვებას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, “ქართული ოცნება” იმუქრება, რომ 60%-ის პრობლემა არ აქვს, მაგრამ 40%-იანი ბარიერის გაუქმებით ადასტურებს, რომ მას 40%-იც კი შეიძლება სათუო გაუხდეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.

ამავე კანონპროექტით, “ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს. „საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.

„ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.