მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით თბილისის მერი, კახა კალაძე გამოვიდა.
„როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ამ ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.
მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა და ახალ გზაზე პირველმა გაიარა.
ორი კილომეტრი სიგრძის, ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა.
როგორც ცნობილია, გზის მშენებლობის პროცესში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა. ფერდის გამაგრებისთვის, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. სამუშაოების განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახდა.
ახალი გზის უსაფრთხოების მიზნით, 11 ლოკაციაზე მოეწყო ფერდის დამცავი ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, განხორციელდა ფერდების ფორმირება და დატერასება. ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 431 500 ლარს შეადგენს.მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელიც მოეწყო, რომელიც ადაპტირდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტით. პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.