მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

18
spot_img

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს, საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამასთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანა რამდენჯერმე დაარტყა. პროკურატურის ცნობით, დაზარალებული მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,ე’’ ,, კ’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის) წარედგინა.

გამოძიების ეტაპზე, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.