მამაცი მაიკ ჯონსონი – აშშ-ს ახალი პოლიტიკური ვარსკვლავი -ავთანდილ წულაძე

26
spot_img

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტზე კენჭისყრა გლობალური სენსაცია გახდა. როგორც ჰოლივუდურ ფილმში, ინტრიგა კენჭისყრის დასრულებამდე დარჩა. პრესამ წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას უკვე ისტორიული უწოდა და პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი გმირი გამოჩნდა – აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი.
აშშ-ს პრესაში ჯონსონს ადიდებენ მისი გამბედაობისთვის. აშშ-ს კონგრესში ტრამპისტები ემუქრებოდნენ ჯონსონს გადადგომის ინიცირებით, თუ ის უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭისყრაზე დააყენებდა. მაგრამ ჯონსონმა, მიუხედავად კარიერული რისკისა, გადადგა ეს ნაბიჯი.

The Washington Post-ის სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტების კენჭისყრით აშშ-ს მოკავშირეებმაა “შვებით ამოისუნთქეს”. მათ მიიღეს სიგნალი, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ აშშ-ს მხარდაჭერას რთულ დროს. გაზეთის რედაქცია აღნიშნავს, რომ აშშ-ის ლიდერობა მსოფლიოში არ იქნება წარმატებული ასეთი პოლიტიკური გამბედაობის გარეშე, რომელიც ჯონსონმა გამოიჩინა.

https://www.washingtonpost.com/opinions/2024/04/21/mike-johnson-ukraine-house-funding-bill-allies/
The Washington Post-ის მიმომხილველის კარენ ტუმულტის სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რამხელა გამბედაობა დასჭირდა ჯონსონს დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გასატანად.

https://www.washingtonpost.com/opinions/2024/04/21/house-speaker-mike-johnson-courage/
ტელეარხის CNN-ის მიმომხილველი სტივენ კოლისონი იწყებს სტატიას კონგრესის კენჭისყრის შესახებ ჯონსონის გამბედაობაზე საუბრით.

https://edition.cnn.com/2024/04/20/politics/mike-johnson-ukraine-aid-russia-zelensky-putin/index.html
კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ფაქტია, რომ მაიკ ჯონსონი აღიარეს გმირად, რომელიც დრამატული პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდა. ამერიკულ საზოგადოებას უყვარს გამარჯვებული. შეერთებული შტატების პოლიტიკურ ჰორიზონტზე ახალი ვარსკვლავი გაბრწყინდა – მაიკ ჯონსონი.

მაგრამ, სადაც არის გამარჯვებული, იქვე არის დამარცხებულიც. ამ შემთხვევაში ეს დონალდ ტრამპია. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კონგრესში ექვსი თვით დაბლოკა უკრაინის დახმარება. ტრამპისტებმა სპიკერი კევინ მაკკარტიც კი გადააყენეს, რათა ხელი შეეშალათ უკრაინის დახმარებისთვის.

ახალი სპიკერი მაიკ ჯონსონი ტრამპის მარიონეტად ითვლებოდა, რომელიც მის ყველა მითითებას შეასრულებდა. რადგან ტრამპი ეწინააღმდეგებოდა უკრაინის დახმარებას, იმის შანსი, რომ ჯონსონი ამ საკითხს კენჭისყრაზე გაიტანდა, თითქმის ნულის ტოლფასად ითვლებოდა. მაგრამ ჯონსონი აკეთებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯს ტრამპის ნების საწინააღმდეგოდ და ხდება გმირი.

ჯონსონის გმირობა გარკვეულ ახსნას მოითხოვს. ფაქტია, რომ აშშ-ს რესპუბლიკური პარტია ორ ბანაკად გაიყო: ტრამპისტ-იზოლაციონისტებად და რეიგანისტ-ინტერნაციონალისტებად. შეერთებულ შტატებში დღეს ხშირად იხსენებენ რონალდ რეიგანს, რომელიც ატარებდა ძლიერ საგარეო პოლიტიკას, რომელმაც შეძლო კომუნიზმის დამარცხება. მაშინ როცა დონალდ ტრამპს რესპუბლიკური პარტია ლოზუნგით „ამერიკა პირველ რიგში“ იზოლაციონიზმისკენ მიჰყავს.

ტრამპი წარმატებული პოპულისტი და დემაგოგია. რესპუბლიკურ პარტიაში მას კონკურენტები არ ჰყავდა. რესპუბლიკური პარტიის “ძველი გვარდია” ნიკი ჰეილის ეყრდნობოდა, მაგრამ მან პრაიმერი დონალდ ტრამპთან წააგო.

ტრამპის იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთში გაუარესებული სიტუაციის ფონზე საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. რესპუბლიკურ პარტიაში „რეიგანისტები“ ვერ შეეგუვნენ ამ მდგომარეობას. მათ დონალდ ტრამპის ახალი ალტერნატივა მაიკ ჯონსონში იპოვეს. უკრაინის, ტაივანისა და ისრაელისთვის დახმარების პაკეტის მიღების შემდეგ პრესა ჯონსონს „რეიგანისტების“ ლიდერს უწოდებს, რომელმაც ტრამპისტებს პოლიტიკური მარცხი მიაყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯონსონმა კენჭისყრაზე წარადგინა კანონების საკუთარი ვერსიები და არა ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა. ეს ჯონსონის კანონებია. და ისინი უფრო მკაცრია, ვიდრე თეთრი სახლის მიერ შემოთავაზებული. გარდა უკრაინის დახმარებისა, ჯონსონმა დაამატა კანონი აშშ-ში რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ, რომელიც ასევე გადაეცემა უკრაინის დახმარების ფონდს. საუბარია 6 მილიარდ დოლარზე. ეს არ არის ძალიან დიდი თანხა, მაგრამ ეს არის პრეცედენტი და სიგნალი ევროკავშირისთვის შესაბამისი კანონის მისაღებად. ევროპაში კი დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების კონფისკაციაა შესაძლებელი.

ჯონსონმა ასევე დაამატა კანონი შეერთებულ შტატებში ჩინური მობილური აპლიკაციის Tik Tok-ის აკრძალვის შესახებ.

ტრამპი Tik Tok-ის აკრძალვის წინააღმდეგი იყო. ამრიგად, ჯონსონმა ტრამპისტებს რამდენიმე დარტყმა მიაყენა. მათ ბრძოლა ყველა თვალსაზრისით წააგეს.

ასეთი დიდი წარმატების შემდეგ, მაიკ ჯონსონი გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. ჯონსონი პრესის და რესპუბლიკური პარტიის ელიტების მხარდაჭერით სარგებლობს.

პარალელურად, სასამართლოში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე განიხილება. არსებობს შესაძლებლობა, რომ ტრამპი მსჯავრდებული იყოს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. ამ შემთხვევაში, ტრამპი ვერ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას.

ტრამპი ოფიციალურად ჯერ არ არის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. კანდიდატის ოფიციალური წარდგენა უნდა მოხდეს რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. თუ ტრამპი რბოლას დატოვებს, მაშინ რესპუბლიკურ პარტიას ახალი გმირი ჰყავს – მაიკ ჯონსონი.

ავთანდილ წულაძე –პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი