მაინტერესებს, რატომ არ მოაწერეს ხელი იმ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესია -გივი მიქანაძე

39
spot_img

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციამ თავისი სამარცხვინო საქციელი, გადაიტანოს ისრებით ისევ და ისევ მმართველ პარტიაზე და როგორმე აიცდინოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც გუშინ ჩავარდნენ, – ასე შეაფასა გივი მიქანაძემ ოპოზიციონერების განცხადებები, რომლებიც ევრონესტში განვითარებული მოვლენების შემდეგ გაკეთდა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციონერების განცხადებები, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციის ინიცირებისთვის ევროპარლამენტარების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თითიდან გამოწოვილი თემაა.

„მე უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს, რატომ არ მოაწერა ხელი იმ ოთხმა პარლამენტარმა იმ რეზოლუციის ტექსტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამით რეალურად საბოლოოდ ჩამოიხსნეს ნიღაბი და რეალურად თქვეს თუ რა არის მათი პოლიტიკური ინტერესი“, – განაცხადა მიქანაძემ.

მანამდე მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ინიციატივას სჭირდებოდა ხელმოწერები ამ სამი დელეგაციიდან და არა სრულიად ევროპარლამენტიდან.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.