მაიდნის განხორციელების საშუალებას ჩვენ მათ არ მივცემთ. ჩვენ, ერთგვარად გადმოვწიეთ, ჩვენი სწორი გადაწყვეტილებით, 16-20 დეკემბრის ძალიან ცუდი მოვლენები ცოტათი ადრე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
„ეს იყო გადაწყვეტილება რომელიც, ნამდვილად არ მოიცავდა (ერთ სიტყვას მსგავს ჩვენს განცხადებაში ვერავინ იპოვის ვერასდროს) ევროინტეგრაციის არა თუ შემაჩერებელ, შემაფერხებელ რაიმე ფრაზას, წინადადებას ან სიტყვასაც კი. მსგავსი სიტყვა, ფრაზა ან წინადადება ჩვენს გუშინწინდელ განცხადებაში არ არის.
პარადოქსია, რომ ხალხს აპროტესტებინებენ ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ არსებობს. ერთადერთი, რაზეც იყო ლაპარაკი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით: ნიუანსი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვიქნებით თუ არა მახვეწრის როლში – არა არ ვიქნებით. თუკი ვინმე ჩათვლის იმ მოსალოდნელ ვადაზე ადრე, რომ საქართველომ შეიძლება მიიღოს პრივილეგია და გაეხსნას, ვიდრე 90% შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულებების, მოლაპარაკებები, კი ბატონო, დღესვე მოხდება, დღესვე მოვაწერთ ხელს. გაგვტესტონ, გამოგვცადონ არ უნდათ?! დღესვე დადონ მაგიდასთან და დღესვე ვაწერთ ხელს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, უმრავლესობის ლიდერმა, სამართალდამცველის მხრიდან ძალადობის რამდენიმე ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმე იყო სახეში წიხლის დარტყმის ფაქტი წაქცეულ ადამიანზე.
“პირდაპირ ძალადობისთვის მივიდნენ, პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა ფოიერვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს, სამშენებლო მასალებს და ა.შ. ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის და ახორციელებდა რამდენიმე ასეული ადამიანი. განსხვავებით მეორე, ძალიან მძიმე რამდენიმე შემთხვევისგან, როდესაც ასევე დასაგმობ და ძალიან ცუდად განვითარებულ მოვლენებთან გვქონდა საქმე. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე იყო სახეში წიხლის დარტყმის ფაქტი წაქცეულ ადამიანზე.
პირველი, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმეს სურს, უნდა ვთქვათ, რომ ძალადობა ინიცირებული იყო დემონსტრანტების მიერ. მეორე, ძალადობა იყო სისტემური ხასიათის და მას ახორციელებდა მინიმუმ რამდენიმე ადამიანი და მესამე, დიახ, ძალიან მძიმე სანახავია და აუცილებლად უნდა დავგმოთ, არ უნდა დავუშვათ, რომ ადამიანმა, რომელმაც დააზიანა მისი კოლეგების ინტერესი, ძალიან დიდი ბოდიში, პირდაპირ ვიტყვი, რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 5 წუთით ადრე, რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს 10 წუთით ადრე ფიზიკური, შენი მეგობრის თუ პირადად შენს მიმართ, იქ არის ათასობით პოლიციელი, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი მოთმინებით ეკიდება და ერთმა და ორმა ფაქტმა მათი იმიჯი არ უნდა დააზიანოს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მეორე მხრივ, ამით ზიანდება ქართული სახელმწიფო, ამით ზიანდება ყველა დანარჩენი პოლიციელის იმიჯი. ამიტომ, ათასობით პოლიციელის იმიჯი ერთმა არასწორმა მოქმედებამ არ უნდა დააზიანოს. ამიტომ, ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული. დავამატებ, განსაკუთრებით ამორალურია ხოლმე, როდესაც ეს არის პოლიციელის, ჟურნალისტის, ოპერატორების თუ სხვა ადამიანების მიმართ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ეს არის ძალიან მძიმე სანახავი,” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.