მაგ სისტემას ჯობია დავარქვათ „ადეიშვილიზმი“, უკეთ რომ გაიგოს საზოგადოებამ, სინამდვილეში ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგლის კონცეფცია -ბექა ოდიშარია

30
spot_img

უცხო სიტყვებით, ვითომ კეთილშობილი სარჩულით სინამდვილეში, ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგლის კონცეფცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ვეტინგის შეფასებისას განაცხადა.

„მე საუკეთესო შემთხვევაში მინდოდა მეფიქრა, რომ ეს ხალხი არის კოლონიალისტები, ვინც ამ იდეას აქსელერაციას უკეთებს, მაგრამ მე გეტყვით, რომ ესენი არიან სულგაყიდულები, რომლებიც ასრულებენ სხვათა დავალებებს და ასევე, ფიქრობენ, რომ აქედან შეხვდებათ ლუკმა, როცა ისინი მიიტაცებენ სასამართლოს. ეს არის მათთვის შარაგზა, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და მოაწყონ რევანში. არ გამოვა ეგ ამბავი. მაგ სისტემას ჯობია დავარქვათ „ადეიშვილიზმი“, უკეთ რომ გაიგოს საზოგადოებამ და უცხო სიტყვებით, ვითომ კეთილშობილი სარჩულით, სინამდვილეში, ეს არის ცხვრის ტყავში გახვეული მგლის კონცეფცია“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს საერთაშორისო გამჭვირვალობაში, სადაც თქვეს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესამოწმებლად სპეციალური მექანიზმი უნდა შეიქმნას. ვინ უნდა დარჩეს სისტემაში ან დაემშვიდობოს მოსამართლის მანტიას, გადაწყვეტილებას უცხოელი ექსპერტები მიიღებენ. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეას მხარს არ უჭერს და კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობს.