მადლობა რობინ დანიგანს, შარშანდელისგან განსხვავებით, გამჭვირვალობის კანონპროექტზე მოზომილი განცხადება გაკეთდა აშშ-დან, ევროპული განცხადებებიც გაცილებით მოზომილია -მამუკა მდინარაძე

39
spot_img

შარშანდელისგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვა რიტორიკაა წელს. გაისად კიდევ უფრო რბილი რიტორიკა იქნება, უფრო კარგად ავუხსნით, უფრო კარგად გაიგებს ყველა, რამდენად მართლები ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პერსონალურად მადლობას უხდის საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს, ვინაიდან, შარშანდელისგან განსხვავებით, აშშ-დან მოზომილი განცხადება გაკეთდა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, შარშანდელთან შედარებით, ვროპული განცხადებებიც გაცილებით მოზომილია.

„ევროკავშირში გვინდა კი არა, უზრუნველვყოფთ. ევროპარლამენტის მიმართ მათი რეკომენდაცია არის უცხოური გავლენის ინტერესების წარმომადგენლობის შესახებ კანონპროექტი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც უზრუნველყო, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული, სხვა რიტორიკაა წელს. გაისად კიდევ უფრო რბილი რიტორიკა იქნება, უფრო კარგად ავუხსნით, უფრო კარგად გაიგებს ყველა, რამდენად მართლები ვართ ჩვენ, ყველანი, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები. მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო ქალბატონ დანიგანს, რადგან, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ნახეთ, როგორი მოზომილი განცხადება გააკეთეს აშშ-დან, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან. ხალხი იყო ქუჩაში გამოსულიო, დიახ, რა თქმა უნდა, ხალხი იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ შარშანდელისგან განსხვავებით, აბსოლუტურად მოზომილი განცხადებაა. შარშანდელთან შედარებითია ყველაფერი. ევროპული განცხადებები, ოფიციალური წარმომადგენლობების განცხადებები შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მოზომილლია. გვახსოვს, შარშან პირდაპირ ამბობდნენ, ეს არის რუსული კანონიო. ქალბატონ დანიგანს მადლობას ვუხდი, რადგან პერსონალურად მისი განწყობა შეესაბამება იმ რეალურ მეგობრობას, რაც ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს. არა მხოლოდ პერსონალური, ჩანს, რომ ის წარმოადგენს აშშ-ს, დიდი ბოდიში, ამის თქმა რომ მიწევს, სხვისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, წარმოადგენდა არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ძალის ინტერესებს. ამიტომ არის, რომ შარშანდელთან შედარებით, აბსოლუტურად მოზომილი განცხადებებია. უფრო მოზომილ და რბილს განცხადებებს მგონი, ვერც გააკეთებდნენ, რადგან ძალიან აცდებოდა. შესაბამისად, მინდა, მადლობაც კი გადავუხადო, რომ შარშანდელთან შედარებით იყო აბსოლუტურად მოზომილი განცხადებები. აშშ-ის შემთხვევაში, დანიგანის პოზიცია იყო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნიდან, მეგობრული, თუ არამეგობრული სახელმწიფოსგან შემოსული თანხა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.