მადლობა ყველას – არავითარ შემთხვევაში არ გავყოფ ნაკრებსა და გულშემატკივარს, გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-12 მოთამაშეა – კახა კალაძე

13
spot_img

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა საქართველოს ნაკრების მილოცვით დაიწყო.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში ფეხბურთელებს, მადლობა მწვრთნელებს, ქართველ გულშემატკივარს. მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის როლი. მე, არავითარ შემთხვევაში არ გავყოფ ნაკრებსა და გულშემატკივარს. გულშემატკივარი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-12 მოთამაშე და რა თქმა უნდა ეს მხარდაჭერა თანადგომა, რომელსაც ჩვენი ბიჭები გრძნობენ, მერწმუნეთ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია.

ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანადგომა არა მხოლოდ გამარჯვებების დროს, ასევე, როდესაც არის მარცხი. სპორტი,ა ფეხბურთია, ყოველთვის ვერ მოიგებ, მაგრამ გულშემატკივრის გვერდით დგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.