„მადლობა მეტოქეს… ბოლო წამებზე ლამის გული გამიჩერდა“ – ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

18
spot_img

ევროპის ჩემპიონატზე, F ჯგუფის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 ითამაშა და ისტორიაში პირველად შეძლო ევროტურნირებზე ქულის აღება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა გავლილი მატჩი შეაჯამა.

„ბოლო წამებზე კინაღამ გული გამიჩერდა. გადავრჩით. იმის მიუხედავად, რომ ბიჭებმა ამ თამაშში მთელი ენერგია ჩადეს, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. სახლში ადრე წასვლა არ გვინდა, ამიტომ ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრა მოვიგოთ.

ჩვენი მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოდ გადმოდიოდა და ცოტა შეგვაშინეს კიდეც. თამაშით ვაჯობეთ, მაგრამ მაინც სახიფათოდ გვიტევდნენ. მინდა, ასეთი თამაშისთვის მადლობაც გადავუხადო. ასევე მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც საოცარი ატმოსფერო შექმნეს. ჯერ არაფერი დასრულებულა.

დღეს უიღბლობამ იჩინა თავი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაში იღბალი ჩვენს მხარეს იქნება. ცოუფალმა ნამდვილად კარგად ითამაშა. ის ისეთი იყო, როგორიც ვესტ-ჰემშია. შეტევაში კარგად გადადიოდა და დაცვაშიც საიმედოდ იდგა.

კვარაცხელია ყველაზე სახიფათო მოთამაშე იყო. როდესაც ბურთს იღებდა, მაშინვე კარისკენ იღებდა სირბილს. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს ბევრი ყვითელი ბარათის ხარჯზეც მოგვიწია. ამის გამო გვმართებს, რომ უფრო უკეთ მოვემზადოთ. ატმოსფერო ნამდვილად კარგი იყო და მადლობა ამისთვის გულშემატკივარს. ქართველ ფანებსაც დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ბრწყინვალე ატმოსფერო გვაჩუქეს“, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება, ჩეხეთი კი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.