“მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს მხარდაჭერისთვის”- ნათია თურნავა

89
spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განაცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ფინანსური და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

როგორც ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს სერიოზული მიღწევები აქვს.

ამასთან, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მხარდაჭერისთვის საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

„ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა. ხმათა უმრავლესობით საბჭომ დამიჭირა მხარი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამირჩია. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს. შვიდი წევრიდან ხუთმა მხარი დამიჭირა და ორმა თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, მხარი დამიჭირეს თუ თავი შეიკავეს, ჩვენ, ყველას, ეროვნული ბანკის მიმართ ერთგულება გვაერთიანებს, გვაერთიანებს საერთო მიზანი, ვემსახუროთ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავინდებურად ერთობლივად გააგრძელებს. დიდი პატივია, რომ საბჭომ მხარი დამიჭირა და, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში, კანონის თანახმად, მე ვუხელმძღვანელებ ამ ინსტიტუციას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ გავხდი საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ამ ტრადიციული და მდიდარი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, სადაც გამოცდილი, პროფესიონალთა გუნდი მუშაობს.

ეროვნული ბანკის მთავარი მისია და ფუნქცია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს სერიოზული მიღწევები აქვს, რადგან, დიდი გამოწვევების მიუხედავად, რომლის წინაშეც იდგა ქვეყნის ეკონომიკა, საფინანსო სექტორი, იყო ეს პანდემია, გეოპოლიტიკური გამოწვევები, რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც მძვინვარებს, ჩვენმა საფინანსო სისტემამ დაამტკიცა თავისი სიძლიერე, შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა, ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.