„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა.

მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო. 2023 წლის 3 აგვისტოს მსჯავრდებულმა დაკვეთის შესასრულებლად „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა შეკვეთით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს აქვს წარდგენილი, ერთ პირს – შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის, ხოლო მეორეს შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.