კვლევებით დასტურდება, რომ კაცობრიობის საერთო დედაენა კავკასიაში აღმოცენდა – ალექსანდრე ბითაძე

180
spot_img
ბრიტანელი ენათმეცნიერების მრავალწლიანი კვლევებით დასტურდება, რომ კაცობრიობის საერთო დედაენა კავკასიაში აღმოცენდა. ინგლისელი მეცნიერის მარკ პეიგელის ვერსიას მსოფლიო რეზონანსი მოჰყვა. მეცნიერის მტკიცებით, კაცობრიობის დედაენა ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა. პეიგელი 15 ათასი წლის წინანდელი ენის კვალს ქართულ ენაშიც ხედავს… არსებობს კიდევ რამდენიმე თეორია. მეცნიერები ქართული ენის კვალს ძველ ეგვიპტურ ცივილიზაციასაც უკავშირებენ. ბრიტანეთის რიდინგის უნივერსტეტში კი კვლევა გრძელდება“…
დიდი ხანია სხვადასხვა მხრიდან, ძირითადში უცხოეთიდან, ვიგებთ ერთობ სასიამოვნო ინფორმაციებს: ევროპის ძველზე-ძველი, ხშირად კი – უუძველესი (ბევრის მთქმელი სიტყვა) მოსახლეობა თურმე ყოფილა კავკასიიდან, კერძოდ კი ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიიდან. ანუ, იბერიიდან და კოლხეთიდან.
მთავარი აზრი ამ შრომებისა არის მტკიცება იმისა, რომ კავკასიელების, კერძოდ კი, იბერებისა და კოლხების წინაპრები იყვნენ აგრეთვე წინაპრები დღევანდელი ევროპელი ერებისა, რომ ჩვენი უუძველესი ქართველები დაიძრნენ კავკასიიდან დასავლეთისკენ და განსახლდნენ მთელს ევროპაში, ეგვიპტეში და ჩრდილო აფრიკაში უკიდურეს დასავლეთამდე.
ზოგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ეს მოხდა დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინ, თუმცა თარიღები ავტორებს აქვთ სხვადასხვა. საერთოდ აქ აზრთა სხვადასხვაობა ძალიან ჭარბობს – ერთი მოსაზრების გარდა: ამ მეცნიერებს მიაჩნია, რომ ევროპისა და ჩრდილო აფრიკის პირველი კოლონიზატორები იყვნენ იბერები და კოლხები, ანუ ჩვენ, ქართველები.
ამ ჰიპოთეზებს აქვეყნებენ, ძირითადში, უცხოელი სპეციალისტები. ისინი თავის ასეთ მოსაზრებებს ხშირად ბეჭდავენ როგორც ავტორიტეტულ მეცნიერულ, ისე პოპულარულ გამოცემებში.
ბეჭდვით კი ბეჭდავენ, მაგრამ საქმე ამით მთავრდება.
ქართველებისგან, საქართველოს სახელმწიფოსგან ეს მეცნიერები ყურადღებას არ იმსახურებენ.
წარმოიდგინეთ ასეთი შრომები იქმნებოდეს ჩვენს რომელიმე მეზობლის პრეისტორიის შესახებ. რა პატივში ეყოლებოდათ ეს უცხოელი ავტორები, როგორ პოპულარიზაციას გაუკეთებდნენ მსოფლიოში, რამდენს თარგმნიდნენ სხვადასხვა ენებზე. დარწმუნებული ვარ, ცალკე ინსტიტუტებსაც შეუქმნიდნენ.
ჩვენთან კი მივიწყებასაა მიცემული ამ თემაზე შექმნილი როგორც უცხოელი, ასევე ჩვენების – ივანე ჯავახიშვილისა და სხვა დიდი ქართველების შრომებიც კი.
რაშია საქმე?
აბა რა ვიცი. ვიცი მხოლოდ, რომ ჩვენი დღევანდელი ქართული მეცნიერება პასიურობს.
პასიურობს მთავრობაც, რადგან მეცნიერები ხმას არ იღებენ. თუ რამეს ამბობენ, ზღვაში წვეთია.
დანამდვილებით ვიცი ის, რაც იცით ყველამ: ვიცი, რომ იოსებ სტალინმა უსაყვედურა ქართველ ისტორიკოსებს პასიურობა და პირადად დაავალა სამ დიდ ისტორიკოსს – ივანე ჯავახიშვილს, ნიკო ბერძენიშვილს და სიმონ ჯანაშიას დაწერათ საქართველოს ნამდვილი, და არა რუსეთის იმპერიის მსახურ-ისტორიკოსთა მიერ რედაქტირებული (ანუ დამახინჯებული) ისტორია.
სტალინმა შეუკვეთა და დააფინანსა საქართველოს ნამდვილი ისტორია?!
ეს რომ გავიგე, მორიგი ტყუილი მეგონა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართლაც – სტალინის მითითებით ამ სამმა ჩვენმა გენიოსმა 1943 წელს შექმნა წიგნი-შედევრი, ანუ რეალურ ისტორიულ საბუთებზე დაფუძნებული შესანიშნავი სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიისა, რომელიც უკვე 1947 წლიდან ისწავლებოდა სკოლებში! გარდა ამისა, იგივე ტალღაზე, იმავე წლებში, შეიქმნა და დაიბეჭდა სხვა ავტორების ძალიან კარგი ნაშრომები, სადაც განიხილებოდა იმ დროისათვის მთელი მსოფლიოს მონაცემებით საქართველოს რეალური წინარეისტორია. მაგალითად (რაც მე ვიცი): ა. სვანიძის „Материалы по исследованию истории алародийских племён“ (1937), ს. ფირცხალავას „ქართველთა წინაპრები და მათი მონათესევე ტომები წინა აზიაში 10-6 ს.ს. ძვ.წ.“ (1947), იგივე ი. ჯავახიშვილის ნაშრომები და სხვა.
დასკვნა გამოდგა იმ დროისათვის გამაოგნებელი, ანუ ისეთი, საითკენაც ახლა მიდის მეცნიერება (მათ შორის გენეტიკაც). რაც ჯერ კიდევ 1920 წელს დაწერა ნიკო მარმა: „იაფეტური ელემენტი ნამდვილად პირველი, ყველაზე ძველი, ეთნიკური ელემენტია ხმელთაშუაზღვის კულტურის შექმნაში”. (იაფეტურში, ნიკო მარი იმ დროს, ძირითადად, ქართულს გულისხმობდა).
და არა მარტო ხმელთაშუა ზღვის, არამედ მცირე აზიისა, წინა აზიისა და თვით აზიისაც!
თითქოს უნდა დაწყებულიყო ქართველთა უუძველესი ისტორიის (პრეისტორიის, წინარეისტორის) ძირფესვიანი შესწავლა.
მაგრამ, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის იმპერიულმა მათრახმა არა თუ სასტიკად აკრძალა სამი დიდი ისტორიკოსის სახელმძღვანელო, მან ქართველთა უუძველესი წარსულის კვლევაც მკვეთრად შეაჩერა! 1955-1956 წლებში (როგორც ახლა ირკვევა), ამ პროფილის ქართველ ისტორიკოსებს სათითაოდ საიდუმლოდ იბარებდნენ КГБ-ში და აშინებდნენ დაახლოებით ასე: „Вы, грузинские историки – фашисты, сталинисты, шовинисты и буржуазные националисты (დასახვრეტი ბრალდება). Вы что, правда думаете что вы, грузины, есть пуп земли?“ – და „Под страхом смерти“, ანუ სიკვდილის ან ციმბირში სამუდამო გადასახლების მუქარით, აიძულებდნენ მეცნიერებს შეეწყვიტათ ქართველთა გენეზისის გამოკვლევები და ისე ეწერათ, როგორც ველურ, უწარსულო ტომებზე. ანუ ისე, როგორც დაახლოებით იწერება ჩვენს სახელმძღვანელოებში… არ გაგიკვირდეთ, – დღესაც!.
1956 წელს საბჭოთა კავშირის სამეცნიერო აკადემიის ბრძანებით სწავლებიდან ამოღებული იქნა 1943-1948 წლებში გამოცემული საქართველოს ისტორიის სახლმძღვანელო.
მიზანი: არც ერთ თაობას არ უნდა სცოდნოდა სიმართლე საქართველოსა და მისი კულტურული ღირებულებების შესახებ. მის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა…
დიახ, იმ ზეწოლის ინერციის შედეგია ის, რომ ჩვენი ოფიციალური ისტორია იწყება ლამის ლეონტი მროველის ნაშრომებით. რა იყო მანამდე – სერიოზულად არც წერია. აქ სრული სიბნელეა. მხოლოდ ბოლო წლებია დიდის მობოდიშებით წერენ იმას, რომ ყოფილა თურმე რაღაცნაირი ბურუსით მოცული ტომები, „სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები“ – დიაოხი, იბერია, ქალდეა, კოლხა თუ კულხა და რაღაც ამდაგვარი…
ჯერ კიდევ რუსეთის იმპერია და მათი დამქაში პატკანოვები უაღრესად ღიზიანდებოდნენ უუძველესი ქართული ქვეყნების (მათი კულტურის, წყობის და ა.შ) არსებობის გამო და კატეგორიულად მოითხოვდნენ – თქვენი ისტორია იწყება წმ. ნინოს შემოსვლიდან (მოციქული ანდრიას შემოსვლაც უგულვებელყოფილი იყო), არავითარი ფარნავაზი, არავითარი ქალდეა, მითუმეტეს აიეტი – თქვენ ჰაოსის უმცროსი, სუსტი, უწარსულო, უკულტურო და უუფლებო ძმები ხართ და ჩვენს ჭკუაზე უნდა იაროთო.
დღემდე ჩვენი ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს როგორც ხრუშჩოვ-პატკანოვები. რა დიდი ძალა ჰქონია под страхом смерти-ს! მითუმეტეს, რომ 1956 9 მარტს თბილისის ქუჩებში ხრუშჩოვის მიერ ქართველობის საჩვენებელი დახვრეტებით გამოწვეული შიში ბევრს სისხლში ქონდა უკვე გამჯდარი.
ანუ:
1955-56 წლებიდან საქართველოს ისტორიის სწავლება შემოატრიალეს ისევ უკან, და ჩვენი უუძველესი ისტორიის სწავლება დაიწყეს კვლავ ძველებურად თუ არა, კიდევ უფრო დაკნინებულად.
არადა, ქართველებს ყოველთვის ყავდათ და ახლაც ყავთ უუძველესი ცივილიზაციების შესანიშნავი მკვლევარები, რომლებიც, ყველაფერთან ერთად, ქართველების დასაბამ ფესვებსაც იკვლევდნენ და ბევრიც გამოიკვლიეს, მაგრამ საქართველოს ოფიციალური ისტორია ამ საკითხს დღესაც ჩქმალავს.
„დღესაც ჩქმალავსო“? რატომ, რა დავაშავეთ ასეთი?
არ ვიცი-მეთქი!
ბოლო ათას შვიდასი წლის საქართველოს ისტორია შესანიშნავად არის დამუშავებული ქართველი ისტორიკოსების მიერ. მაგრამ, რა იყო მანამდე, ანუ ანტიკურ ხანაში და უფრო ადრე, ბერძნებამდელ ეპოქებში, ვიმეორებ, ან სულ არ წერია, ან წერია ცოტა და მშრალად.
ან მიეწრერება ძველ ბერძნებს. ან მიეკუთვნება მითოლოგიურ ზღაპრებს.
სინამდვილეში (როგორც ახლა ნელ-ნელა იკვეთება და იხსნება) – მაშინ ყოფილა, რაც ყოფილა! მაშინ ვყოფილვართ, რაც ვყოფილვართ!
მაშინ, კაცობრიობის ისტორიამდე!
ფაქტია – ჩვენი დღევანდელი ქართული ოფიციალური ისტორიოგრაფია დღემდე არის საბჭოთა (ანუ რუსულ-იმპერიული) ისტორიოგრაფიის მძიმე გავლენის ქვეშ და რასაც წერს ჩვენს უუძველეს ისტორიაზე, დიდი ხანია გადასახედია, რადგან ის სერიოზულად არც განიხილავს საქართველოს უუძველეს ისტორიას.
საკვირველია, რატომ არის ასე – ქართველი მეცნიერების დონე ამ საკითხებში ხომ უაღრესად მაღალია. ჩვენ საქართველოს ისტორიის, მითოლოგიის, ანტიკური ისტორიის, ბიზანტინისტიკის, არმენოლოგიისა თუ აღმოსავლეთმცოდნეობის საქმეში მსოფლიო დონის მეცნიერები გვყავდა და ახლაც გვყავს (არ ვაზვიადებ, ნამდვილად ასეა), მაგრამ კოლხეთისა და იბერიის ბრწყინვალე და დიდებული (მართლაც ბრწყინვალე და დიდებული!) წარსულის შესახებ ბევრი არაფერი იწერება. უფრო სწორად, იწერება, მაგრამ ან არ იბეჭდება, ან იბეჭდება მეტად მცირე ტირაჟებით და არც კი შედის სახელმძღვანელოებსა და ოფიციალურ გამოცემებში.
ქართული ისტორიის შეგნებული დამალვა-დაკნინება დაიწყო არა მხოლოდ მეფის რუსეთის დროს – ის დაიწყო გაცილებით ადრე. და როცა იცი, თუ რა სიძნელეები ხვდებოდათ ქართველ ისტორიკოსებს ამ ბოლო საუკუნეების განმავლობაში, რა გამუდმებული მორალური და, ხშირად, ფიზიკური წნეხის ქვეშ უხდებოდათ მუშაობა (ეს მეტად მძიმე საკითხი ცალკე გამოკვლევებს საჭიროებს), ენა ვერ მოგიბრუნდება უმოქმედობაში დასდო მათ ბრალი, მითუმეტეს, რომ ამ ბოლო დროს დაიბეჭდა ბევრი საყურადღებო ნაშრომი. პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ლექციები ციკლი „საქართველოს სულიერი მისსია“. (ამ შრომის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მისი მასშტაბების დანახვას ჩვენი თანამედროვეობა ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ამას, ალბათ, დრო უნდა. მანამდე კი ვისურვებდი ქართული სკოლის დამამთავრებელ კლასებში მაინც გააცნონ ჩვენს ბავშვებს მის შესახებ). ბატონ გია კვაშილავას სტატიები და ტელეგადაცემები ამ საკითხში, ჩემის აზრით, სერიოზულ გარღვევას წარმოადგენს. შესანიშნავია ბატონ ალიკო ცინცაძის კვლევები ქართული ანბანის ჰემატრიის შესახებ. აღარაფერს ვამბობ ჩვენი ენათმეცნიერების პატრიარქის ბატონ რამაზ პატარიძის ეპოქალურ ნაშრომებზე. უაღესად მნიშვნელოვანი, ვიტყოდი – რევოლუციური შრომების აქვს უკრაინელ მეცნიერს არტიომ ივანცოვს და ბევრ სხვა უცხოელს, მათ შორის რასელ გრეისა და ქვენთინ ათქინსონს, აგრეთვე ებრაელ ლინგვისტს იური მოსენკისს, რომელმაც შექმნა შრომების მთელი ციკლი „პირველი ცივილიზაციების ქართული სათავეები“ – მარტო მათი სათაურები რად ღირს:
1) ქართველები – ძველი ეგვიპტური კულტურის შემქმნელები;
2) ქართველები ძველ ბრიტანიაში;
3) ქართველები – აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სანაპიროს მაცხოვრებლები;
4) უცნობი ქართული ენა და მესოპოტამის 600-წლიანი მართვა ქართული დინასტიის მიერ;
5) ქართველების ტომები ძველ მესოპოტამიაში…
და უამრავი სხვა ავტორი და მათი გასაოცარი მიგნებები ჩვენი უუძველესი წარსულის შესახებ….
მაგრამ რად გინდა!
ჩვენი ოფიციალური სტრუქტურები დუმან.
სხვა საქმეები აქვთ ალბათ, უფრო სერიოზული…
არც ყურადღება, არც დახმარება.
არსაიდამ ხმა, არსით ძახილი.
ისევ: რაშია საქმე?
ისევ ვპასუხობ: არ ვიცი. არ მესმის.
მოკლედ, როცა ოფიციოზი მხარს არ გიჭერს, ხალხში და მეცნიერებშიც იწყება დაბნეულობა.
ალბათ ამიტომაა, რომ ქართველები ხანდახან ვღიზიანდებით, როცა ვისმენთ და ვკითხულობთ ქართველთა უუძველესი წარსულის შესახებ უცხოელთა ასეთ საოცარ ტექსტებს.
ვღიზიანდებით, იმიტომ, რომ ამას ტრაბახსა და თავხედურ ნაციონალიზმში გვითვლიან როგორც ვითომც „ობიექტური“ ქართველები, ასევე ჩვენი არაკეთილმოსურნე უცხოელები – ერთდროულად იწყებენ ქილიკსა და დაცინვას.
ქართველებს (თითქმის ყველას) ამ ამბების გაგონებაზე იმ წამსვე გვემართება სკეფსისისა და, რატომღაც, თავის მართლების მწვავე შეტევები, თითქოს რამე დაგვეშავებინოს.
სკეპტიციზმი ხშირად ხომ უვიცობის ნიღაბია, ანუ, როცა რაიმე საკითხში ვერ ერკვევი (მაგრამ ამის დამალვა გინდა), იწყებ საკითხის გაბუნდოვნებას და საღი აზრების მომიჯნავე მოსაზრებების სერიოზულად წარმოთქმას:
„ყველა პატარა ერს თავისი კომპლექსები აქვს…“,
„ეს კიდევ დასამტკიცებელია“,
„ჩვენს მეზობლებს ხომ არ დავემსგავსეთ?“,
„სხვას სხვა აზრი აქვს“,
„ხა-ხა, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, არა?“ და ა.შ.
საერთოდ, სკეპტიციზმი პოპულარული ხდება იმ პერიოდებში, როცა არსებული ცოდნა ან იდეალები უკვე მოძველდნენ, ახლები კი ჯერ მკვეთრად არ ჩანან.
ან ჯერ ვერ ხედავენ მათ.
ასეა დღეს…
ქართველი კაცი იწყებს ჩაფიქრებას და დაჯერებას მხოლოდ მაშინ, როცა აუხსნი, რომ ქართველთა უდიდესი და უუძველესი წარსულის შესახებ წერენ უცხოელი და ხშირად მეტად სერიოზული მეცნიერები. ჩაფიქრებას კი იწყებს, მაგრამ ამ საკითხის სახელმწიფო დონეზე აყვანამდე, როგორც ჩანს ისევ შორია…
„უუძველესი“ – გალაკტიონის მოქნილი სიტყვაა:
„უუძველესი ციხის ჩანს ნანგრევები შორი,
ჩქარი მდინარი რიყეს რგოლებს აზომებს ქორი“.
საქართველოს გარშემო რგოლებს აზომებენ არა მარტო ქორები.
ქორს რა უჭირს, გავუძლებთ.
ძერაა შემზარავი.
„შაიყრებიან ყორნები,
არ გაირევენ ძერასა…“.
ძერას ვერ იტანდენ ნაღდი ქართველები. იმიტომ ხომ არა, რომ ძველი ბერძნების (უფრო სწორად, მათზე უუძველესი პელასგების) ახსნით, ზევსის ბრძანებით ძერა ყოველდღე, როგორც გადაუდებელ სავალდებულო სამსახურში, ისე ამოფრინდება ხოლმე ტარტარიდან და იწყებს უპატრონოდ დარჩენილი ამირან-პრომეთეს ღვიძლის კორტნას.
ღვიძლის იმიტომ, რომ ძველისძველებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის გრძნობები მოთავსებულია სწორედ რომ ღვიძლში და ღვიძლისთვის დაზიანებების მიყენება განსაკუთრებულ ტკივილს იწვევს ცოცხალ ადამიანში – მითუმეტეს თუ ეს ადამიანი არის ტიტანი – ამირან-პრომეთე.
ამირანის ღვიძლს კორტნის არა არწივი, ან ქორი, ან ყორანი, როგორც წერენ ხოლმე, არამედ ძერა (Milvinae, стервятник), უფრო სწორად, – ტარტარის მობინადრე ძერისჯიშის ბოროტი მფრინავი გველი, აშმორებული ლეშიჭამია დრაკონ-ფასკუნჯი, „ელვისებური სიკვდილი ციდან“ – სიმბოლო უწმინდურობისა. ყველაზე დემონიური მტაცებელთა შორის. ამირანის ღვიძლს კორტნა მისი პროფესიაცაა და მოთხოვნილებაც.
როგორც ჩანს – გართობაც და სიამოვნებაც.
საქართველოს გარშემო რგოლებს უკვე საუკუნეებია აზომებენ ტარტარიდან ამოფრენილი სვავებიცა და ძერებიც.
ნუ დავტოვებთ ამირანს უპატრონოდ.
თუ ჯაჭვებიდან ვერ ვათავისუფლებთ, ღვიძლს მაინც ნუ ვაკორტნინებთ. თორემ, ჩვენი არხეინობითა და უმოქმედობით გაღიზიანებული ამირანი, როცა იქნება ხომ აიწყვეტს და დაერევა ყველა მტერს,- ჩვენც მიგვაყოლებს, თავგზააბნეულ, მაგრამ პრეტენზიებით სავსე ქართველებს, ჩვენივე ცოცხალ-მკვდრებიანად…”
რამაზ (ბუბა) ხოტივარი
1946-2021