“კვარა, შენ არავის საკუთრება არ ხარ, საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება”

14
spot_img

„კვარა, შენ მოგმართავ – არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს.

როგორც ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, 1990-იან წლებში, სწორედ მსგავსი ლოზუნგების შედეგად დაიწყო ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება.

„ჩვენ დღეს ძლიერები რომ არ ვიყოთ, კვარა, შენ მოგმართავ – შენი გამონათქვამი ოპოზიციის მიერ იქნა გამოყენებული და ასე დაიწყო 90-იან წლებში სამოქალაქო ომი. ასე დაგვდევდნენ ჩვენც – ზოგი მოღალატედ გვნათლავდა და ქართველმა ბიჭებმა ერთმანეთს იარაღი მიუშვირეს. ამ ნაძირალებმა, რომელთაც ატაცებული აქვთ შენი ეს გამონათქვამი, მათ განზრახული აქვთ რევოლუცია და ქვეყნის გადაყირავება. ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი – ესენი ჰყავთ ჩახოცილი, ადამიანები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ მიდიოდა. კვარა, შენ მოგმართავ! შენ არავის საკუთრება არ ხარ, შენ საქართველოს საკუთრება ხარ და არ მისცე რომელიმე ძალას შენი პოზიციის გამოყენების უფლება. ქართველი ქართველს შენი გამონათქვამით რომ დაუპირისპირდება, პასუხისმგებლობა შენზე გადადის. ამის გააზრებას გთხოვ – ყველას გთხოვთ, ბიჭებო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.