კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაციის მიღება QR კოდების საშუალებით იქნება შესაძლებელი

19
spot_img

პროექტ  SCANTBILISI-ის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები განთავდა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კომპანია „სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი. პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI  – „დაასკანერე თბილისი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განთავსებული QR კოდების საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა QR-კოდი და მომზადდა შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.scantbilisi.ge, რომელიც ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს. ვებგვერდზე თბილისში მდებარე ისტორიული ძეგლების სრული ჩამონათვალია განთავსებული და  დეტალური აღწერა ახლავს.

„ვამაყობთ, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს. „თბილისის განვითარების ფონდთან“ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და განახლებას ემსახურება. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძეგლების შენარჩუნეას, განახლებას და რეაბილიტაციას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართული.