“კროკუსის” საკონცერტო დარბაზში მოწყობილ ტერაქტს ერთი ქართველი ემსხვერპლა

136
spot_img

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტს ქართველი ქალი მეუღლესთან ერთად ემსხვერპლა.

ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

გარდაცვლილის და, ნინო მამისაშვილი, ტელეკომპანიასთან საუბარში  ამბობს, რომ საბედისწერო დღეს მისი და საკონცერტო დარბაზში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ირინა და რომან სოკოლოვები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ტერორისტებმა ცოლ-ქმარი დერეფანში ჩაცხრილეს.

ქალს ათობით ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი და ფილტვები აქვს დახვრეტილი, მამაკაცს კი ერთი ტყვია გულში მოხვდა.

„ზურგში აქვთ მოხვედრილი ტყვია, ალბათ, გაქცევის დროს. ხანძარში არ არიან მოყოლილები. დას კისერში აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა. სიძეს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში გაქცევისას, ალბათ. დის ამოცნობა რთული იყო, ფიზიკურად ისეთი დაზიანებული იყო, ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება. ცხედარი ძმის დნმ-ის ტესტით ამოიცნეს“, – განაცხადა ნინო მამისაშვილმა.

ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა. გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ მოსკოვში სამძიმარზე ტერაქტების რისკის გამო ვერ ჩადიან.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს. ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა,140-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 11 ადამიანი დააკავა. უწყების თქმით, მათგან 4 უშუალო მონაწილე იყო. მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ტაჯიკია. რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ.