რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციების დაწყების გამო შეშფოთებულია.
მისი თქმით, ახლა მთავარია რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და „აზერბაიჯანისა და სომხეთის დარწმუნება, თავი შეიკავონ ძალისმიერი მეთოდებისგან და დაიწყონ მოლაპარაკებები“.
„მთავარია, დავარწმუნოთ ერევანი და ბაქო, თავი შეიკავონ ძალისმიერი მეთოდებისგან და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ჩვენ კონტაქტში ვართ როგორც სომხურ, ასევე აზერბაიჯანულ მხარეებთან“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი განიხილავს 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილ სამმხრივ დოკუმენტებს, როგორც საუკეთესო გზას, კონფლიქტის მოსაგვარებლად.
„მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას ამ დოკუმენტების დებულებები, ბუნებრივია, ახალი რეალობის გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის ტერიტორია 1991 წლიდან აღიარა“, – დასძინა პესკოვმა.