“კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე” – ირაკლი ჩიქოვანი

30
spot_img

ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მდგომარეობა ზოგადად სექტორისა და სისტემის – კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გაკეთებულ რეპორტაჟებში მანიპულაცია და დეზინფორმაციაა.

„ჩემს პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში, არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება. ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები არის განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების. ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია და არ არის განპირობებული, ან ერთი, ან მეორე რეპორტაჟით.

რაც შეეხება რეპორტაჟებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ რეპორტაჟებში იყო ვარაუდები, მინიშნებები, მანიპულაციები, დეზინფორმაციაც კი, ზოგჯერ. ეს ნამდვილად არის არასწორი, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება თავდაცვის სფეროს და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი არათუ ინტერესის სფერო, ჩემი ვალდებულება იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენო ყველა ის რესურსი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. აქვე გავუსვამ ხაზს და გეტყვით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა თავდაცვის სფეროში დანახარჯებთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი განაცხადი, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით, ჩვენს გენერლებთან, ოფიცრებთან, კაპრალებთან, რიგითებთან და აბსოლუტურად ყველასთან და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და მაქსიმალური ეფექტიანობით მოვახმართ ჩვენს თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.