კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის – ლევან ბეჟაშვილი

23
spot_img

კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც მას ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ თითქოს რაიმე ფორმით ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ მისია ჩავარდა , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილება შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა პრემიერ-მინისტრის, კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, როდესაც უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკულად ჩრდილში იდგა საქართველოს მხარე,

„რეალურად საერთაშორისო განწყობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ის, რომ მათ ხელს არავინ აღარ ართმევს, პარტნიორებად არავინ არ განიხილავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიტყვა დაარღვიეს, რომელიც დადეს ხალხის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ „რუსულ კანონს“ აღარ შემოიტანდნენ. ბოლო მოვლენების ფონზე, პრაქტიკულად ფარდა ჩამოხსნილია და რეალურად კობახიძე არის რუსული ხელისუფლების “ნამესტიკი” საქართველოში და ამას ყველა ხედავს, ამიტომ ეს ვიზიტიც იყო აბსოლუტური ფორმალობა მაშინ, როდესაც მას ხელი არავინ არ ჩამოართვა და ეს ვიზიტი, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე იყო გათვლილი, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ეჩვენებინა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობენ თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს მისია იყო ჩავარდნილი“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.