“კობახიძის განცხადება იყო სრული კატასტროფა – დარწმუნებული ვარ, ნიკოლ ფაშინიანი ნატოზე ბევრად მეტს ილაპარაკებს”

64
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად წარდგა ისე, როგორც შეიძლება სომხეთის პრემიერ-მინისტრი წარმდგარიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ნატოზე ბევრად მეტს ილაპარაკებს – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგში არ არის, – აღნიშნული შეფასება პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

აქუბარდია პრემიერ კობახიძის მიერ ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას “სრულ კატასტროფას“ უწოდებს.

“ქვეყნის პრემიერი უნდა ასახავდეს მოსახლეობის 72%-ის ნებას ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს წარდგა ისე, როგორც შეიძლება სომხეთის პრემიერ მინისტრის განცხადება ყოფილიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ,, რომ ნიკოლ ფაშინიანი ბევრად მეტს ილაპარაკებს ნატოზე, ვიდრე ილაპარაკა იმ ქვეყნის პრემიერმა, რომელსაც არა თუ ნატოში წევრობის განაცხადი აქვს გაკეთებული, არამედ ბუქარესტის ნატოს სამიტზე აქვს დაპირება მიღებული, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ერთადერთი რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, იყო მადლობა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ილაპარაკა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგის აუცილებლობაზე, რაც უკრაინის ომიდან გამომდინარეობს და წერტილი! ერთადერთი, სამშვიდობო მისიებში ჩვენი როლი გაახსენდა. ირაკლი კობახიძეს არაფერი უთქვამს ბუქარესტის სამიტის დაპირებაზე და საქართველოს ნატოში წინსვლის პოლიტიკური დღის წესრიგის აუცილებლობაზე. არაფერი უთქვამს ნატოს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე და საქართველოს საკითხზე. არ უსაუბრია არც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსებას აპირებს – ეს რომ საქართველოსთვის საფრთხეა, ამაზე ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ დეკემბერში ვიზიტისას ილაპარაკა. არაფერი უთქვამს არც იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, რომელიც ჩვენ ნატოსთან 2015 წლიდან მოყოლებული გვაქვს.

ამ მოცემულობაში საქართველოსთან მიმართებით ბევრად მეტი აქცენტი ნატოს გენერალურ მდივანს ჰქონდა – დაწყებული ბუქარესტის სამიტის დეკლარაციიდან, დამატებითი გაძლიერების ასპექტში თანამშრომლობით დამთავრებული“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.