„კოალიცია ცვლილებისთვის“ გუნდს ნანა მალაშხია და ივა ჭყონია შეუერთდნენ

0
spot_img

დისტრიბუციის ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და საჯარო მოხელე ნანა მალაშხია “კოალიცია ცვლილებებისთვის” გუნდს შეუერთდნენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სადაც კოალიცია ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავს.

ჭყონია და მალაშხია ამომრჩევლებს კოალიციის ლიდერებმა წარუდგინეს.

ნანა მალაშხიას თქმით, „ქალი ევროკავშირის დროშით“ გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის.

“დიდი პატივია ვიდგე აქ, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ვნახე შესაძლებლობა, ვიბრძოლო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისთვის, რომელიც დაასრულებს უიმედობას, სიღარიბეს, კორუფციას, ზიზღს, სიძულვილს.

ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ერთპარტიულ მმართველობას, რომელიც მოიტანს ბედნიერებას, უსაფრთხოებას, მრავალპარტიულ კოალიციურ მმართველობას.

მადლობა ამ გუნდს შესაძლებლობისთვის.

ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის. ცვლილებების დროა, გამარჯვების დროა”, – განაცხადა მალაშხიამ.

ივა ჭყონიამ მადლობა გადაუხადა კოალიციას და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგა.

„დღეს უნდა დავიწყოთ უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც წინ ელოდება ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ივა ჭყონიამ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, არაერთხელ აუხსნია ბიზნეს სექტორისთვის „რა კეთილდღეობა მოიტანა ევროპამ, ამერიკამ და რა შეიძლება დავკარგოთ, თუ არა ის სწორი არჩევანი, რაც არის გასაკეთებელი 26 ოქტომბერს”.

ჭყონიამ აღნიშნა, რომ “ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, აშშ-ში”.

„ჩვენ ბევრ რამეს შევცვლით, ჩვენი კოალიცია კი იქნება ხერხემალი იმ კოალიციისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს წინ. ლაღი ცხოვრებით, ცხოვრებით, როდესაც არ გვეყოლება ამდენი ემიგრანტი. კეთილდღეობა იქნება ცვლილებაში, კეთილდღეობა იქნება კოალიციასთან ერთად, აირჩიეთ ოთხი”, – განაცხადა ჭყონიამ.