,,კლინიკაში მყოფი ბავშვები, ჩვილები, ახალშობილები სიკვდილის ზღვარზე არიან”- “ალ შიფას” საავადმყოფოს ექიმი

75
spot_img

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფაა – უმსხვილესმა ალ-ქუდის ჰოსპიტალმა, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, მუშაობა შეაჩერა. ისრაელის თავდაცვის უწყება მზადაა, პალესტინიდან სამედიცინო დახმარების მიზნით, საავადმყოფოებიდან ბავშვების ევაკუაცია განახორციელოს.

სამედიცინო პერსონალი და ღაზის მცხოვრებლები არსებული რთული ვითარების შესახებ საუბრობენ.

“ჩვენ გავუგზავნეთ შეტყობინება ისრაელს, რომ ამ კონფლიქტთან საერთო არაფერი გვაქვს და სიცოცხლის ფასად ვმუშაობთ აქ, რომ პაციენტებს ვუმკურნალოთ. ძალიან რთული მდგომარეობაა. არ გვაქვს წყალი, ელექტროენერგია… კლინიკაში მყოფი ბავშვები, ჩვილები, ახალშობილები სიკვდილის ზღვარზე არიან. 40 პაციენტი კომაშია. ევაკუაცია აუცილებელია, რადგან ალ-შიფას ჰოსპიტალი ახლა არ მუშაობს, არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია,” – აღნიშნა “ალ შიფას” საავადმყოფოს ექიმმა, მუჰამედ კანდილიმ.

“მეგონა, რომ საავადმყოფოები უსაფრთხო იყო, მაგრამ ისინიც იბომბება, აქ არსად არის უსაფრთხო. მე და ჩემი შვილები ქუჩაში ვართ, არ გვაქვს თავშესაფარი, რომ ღამე გავათენოთ. შიშში ვცხოვრობთ. მადლობას იმისთვის ვუხდით ღმერთს, რომ ცოცხლები ვართ,” – ამბობს ღაზაში მცხოვრები.

ამასთან, ტერორისტული დაჯგუფება “ჰესბოლას” ლიდერის მუქარას, რომლის მიხედვით, ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა. გალანტის განცხადებით “ჰეზბოლა” ლიბანს ომში ითრევს, საფასურს კი ლიბანის მოქალაქეები გადაიხდიან.

გარდა ამისა, გაერო ისრაელს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის საპასუხოდ, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ. ამავდროულად, ევროპაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება.