“კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“ – უცხოური პრესა

25
spot_img

„ამერიკული სამხედრო დახმარება უკვე კიევისაკენ მიემართება. ის უბედურება რომ გადაიტანოს, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა ჩავარდნილი, უკრაინის მთავრობამ აღნიშნული 61-მილიარდიანი დახმარება გონივრულად უნდა გამოიყენოს. სავარაუდოდ, აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილი ფულით და იარაღით კიევი შეძლებს რუსების შეტევის შეჩერებას და რიგ შემთხვევებში, ალბათ, უკუაგდებს კიდეც მათ ცალკეული მიმართულებებით, მაგრამ დახმარება არასაკმარისი იქნება 2022 წლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ჰილ“-ში (The Hill) დაბეჭდილ მასალაში სათაურით „აშშ უკრაინას კვლავ დაეხმარა, მაგრამ კიევმა 2023 წელს დაშვებული შეცდომები არ უნდა გაიმეოროს“ (ავტორი – ტომ მოსქაითისი, ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ ზაფხულს უკრაინის არმიის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ თავიანთი რესურსების დიდი ნაწილი „ქარს გაატანეს“ – უნაყოფოდ დახარჯეს უშედეგო კონტრშეტევაში. რუსეთის ჯარი, რომელმაც ვერ შეძლო 2022 წლის გაზაფხულზე ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება, წარმატებული და მოხერხებული აღმოჩნდა თავდაცვით ოპერაციებში: 2023 წლის ზაფხულში უკრაინელებმა ვერაფერი მოუხერხეს რუსების მიერ გამაგრებულ თავდაცვით-საფორტიფიკაციო კომპლექსს და დიდი ზარალი განიცადეს.

(…)

უკრაინის არმიის წარუმატებლობით, ფაქტიურად, დასავლეთის რეპუტაციაც შეილახა – ამერიკულ (და ნაწილობრივ, ევროპულ) პოლიტიკური წრეების თვალსაზრისებში გაძლიერდა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შემცირების ტენდენცია, რაც აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო პაკეტის დაბლოკვით გამოიხატა – რამდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა დემოკრატებმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევითა და სხვადასხვა პოლიტიკური მანევრების მეშვეობით, მოახერხეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის მაიკ ჯონსონის დარწმუნება კიევისადმი დახმარების აუცილებლობაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის წარმატებით მიღება უზრუნველყო. ამასთან, რესპუბლიკელებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ამგვარი პოლიტიკური მანევრი თეთრ სახლს აღარ გაუვა და რომ უკრაინისათვის ეს სამხედრო დახმარება უკანასკნელი იქნება.

(…)

ყველა ეს ფაქტორი იმას მიანიშნებს, რომ უკრაინამ დღევანდელ სიტუაციაში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს და არ უნდა შეეცადოს იმის დაბრუნებას, რაც უკვე დაკარგული აქვს. უკრაინას დრო ჭირდება, რომ რუსული დაბომბვებით ძლიერ დაზიანებული კრიზისული (ენერგეტიკული) ინფრასტრუქტურა აღადგინოს და თავისი არმიის წრთვნა და აღჭურვა გააგრძელოს.

უკრაინას, სავარაუდოდ, შეუძლია რუსეთის არმიის მიერ მიღწეული ზოგიერთი წარმატება გარკვეულწილად გაანეიტრალოს, მაგრამ კიევმა საკუთარ თავს უფლება არ უნდა მისცეს  კიდევ ერთი ტოტალური კონტრშეტევა დაიწყოს. არ არის გამორიცხული შარშანდელი მასშტაბური დანაკარგების გამეორება, რაც უკრაინისათვის ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს – განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როცა ამერიკული დახმარების გაგრძელება გარანტირებული არ არის. პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის დარწმუნება იმაში, რომ კიევს მოსკოვზე გამარჯვება და ტერიტორიების მთლიანად დაბრუნება შეუძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს დახმარების შეწყვეტას – დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისადმი სამხედრო დახმარება – ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ უკვე დახარჯული ფული და შეწირული სიცოცხლე ფუჭი აღმოჩნდეს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ