„კიევი რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე შეტევებს აფხაზეთშიც გააგრძელებს“ – სააგენტო „როიტერი“

117
spot_img

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters), უკრაინულ მასმედიაზე დაყრდნობით, აქვეყნებს მასალას სათაურით „კიევი რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე შეტევებს აფხაზეთშიც გააგრძელებს“ (ავტორი – დან პოლეშჩუკი).

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას რუსეთზე შავ ზღვაში. განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს გააკეთა.

დაახლოებით 5 თვის წინ დაწყებული კონტრიერიშის დროს, კიევმა გააძლიერა შეტევა რუსეთის ძალებზე, რომლებიც შავ ზღვაზე, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმშია განლაგებული. უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მყოფი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს განახორციელა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა სამიზნეში ამოიღებს ასევე რუსულ ხომალდებს იმ შემთხვევაშიც, თუ ოქტომბერის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, რუსეთი ფლოტის ნაწილს, ოკუპირებულ ოჩამჩირეში განათავსებს.

“მცირე ხნის წინ რუსეთის მეთაურს მოუწია გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთში, უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან მაქსიმალურად შორს, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით”, – თქვა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაზე რუსეთის ბატონობის „ილუზია“ დაიმსხვრა. „რუსეთის ფლოტი ვეღარ ახერხებს შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირებას და თანდათან გარბის ყირიმიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა: „ეს ისტორიული მიღწევაა”.

უკრაინის თავდასხმები ყირიმში და მის გარშემო მოიცავდა შეტევებს ნახევარკუნძულზე მდებარე რუსეთის საჰაერო ბაზაზე, სევასტოპოლში ბაზირებულ შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტზე და რუსეთთან დამაკავშირებელ ყირიმის ერთადერთ ხიდზე. კიევის ამ თავდასხმებმა ხაზი გაუსვა უკრაინის მზარდ შესაძლებლობებს, მათ შორის, საზღვაო დრონების გამოყენების თვალსაზრისით.

პარალელურად, მოსკოვი აგრძელებს უკრაინის დაბომბვას შორი რადიუსის რაკეტებით და სამხედრო დრონებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, რუსეთის საზღვაო ძალებმა გაანადგურეს სამი უკრაინული უპილოტო გემი.

წყაროები: „როიტერი“ 

„უკრაინსკა პრავდა“