,,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა”- დარახველიძე

11
spot_img

პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერას. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებისგან. ასევე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის დაზიანება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ – წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებია რეზინის ტყვიები.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა , რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე, არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ, ე.წ. რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა, შესაბამისად სრულიად გაუგებარია, ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როცა ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრას.

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს ამ წუთებში გადაკეტილი აქვთ ორივე სანაპირო და ახდენენ ხელოვნურად საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

პოლიციელებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა არ წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.