,,კიდევ არის ბევრი ისეთი რაღაც, რის შესახებ ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს“, – ეკა სეფაშვილი

93
spot_img

მესამე პრეზიდენტის ოჯახი თურმე რამდენ თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ააგორონ საერთაშორისო მასშტაბით ფეიკ-პიარკამპანია, არამედ ისინი ითხოვენ და ამაში ჩართულნი არიან აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან კოორდინაციით ცდილობენ, მიაღწიონ საქართველოს დასანქცირებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

სეფაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით ახალი არაფერი არ გაგვიგია. უბრალოდ ეს არის დადასტურება იმ ინფორმაციის, დასკვნებისა და პოზიციისა, რასაც ჩვენ ისედაც ვსაუბრობდით. მე ვიტყოდი სამარცხვინოა და ეს არის ძალიან რბილად ნათქვამი. მესამე პრეზიდენტის ოჯახი თურმე რამდენ თანხებს ხარჯავს იმისათვის, რომ არა მარტო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ააგორონ საერთაშორისო მასშტაბით ფეიკ-პიარკამპანია, არამედ ისინი ითხოვენ და ამაში ჩართულნი არიან აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან კოორდინაციით ცდილობენ, მიაღწიონ საქართველოს დასანქცირებას. ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი საქციელი, რაც ჩვენ შეიძლება ამ ვებ-გვერდიდან მიღებულ ინფორმაციაში ამოვიკითხოთ. ასევე, ძალიან სამარცხვინოა ის, რომ ფეიკ-კამპანიის ფარგლებში დეზინფორმაცია და ასეთი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარე, მათ მიერ გავრცელებული ფეიკ ინფორმაციები გაევრცელებინათ ისეთი წამყვანი მედია-საშუალებებით, როგორიც არის „The guardian“ „Politico“ და ა.შ.. ერთია, რომ მიშა სააკაშვილის ოჯახი ფულს იხდის ამ ყველაფერში. მეორეა, ამ გარიგების მეორე მხარე, რომელიც იღებს ფულს იმისათვის, რომ ამ ყველაფერში ხელი შეუწყონ, უწერენ ევროპარლამენტარებს ტექსტებს, აწყობენ ტყუილ ბრალდებებს, ავრცელებენ ფეიკ-ინფორმაციებს „Tweeter“- ში, მედიაში და ა.შ… სხვადასხვა საშუალებებში. უტიფარი, დეზინფორმაციული, საქართველოს რეპუტაციისათვის დამაზიანებელი ინფორმაციების უკან, როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციით დგას კარგად კოორდინირებული ერთი ხელი, რომელიც ამ ყველაფერს აწარმოებს. ეს არის დაქირავებული ლობისტური კომპანია”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს.

ეკა სეფაშვილის თქმით, ოპოზიციამ პაპუაშვილის განცხადება მაშინვე ანტიდასავლურად მონათლა, რადგან მათთვის ანტიდასავლურია განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს.

„ბატონი შალვა პაპუაშვილის მსგავსი ტიპის განცხადება პირველი არ არის. პასუხი ევროპარლამენტარებისაგან ჩვენ არ მიგვიღია, სამაგიეროდ, მივიღეთ ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განცხადებები – თურმე ეს ანტიდასავლური განცხადებაა. თურმე ანტიდასავლურია განცხადება, როდესაც ადამიანი და ამ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარი სამშობლოს იმიჯზე. რადიკალური და ხშირ შემთხვევაში, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები იმდენად უსუსურები არიან თავიანთ ნარატივში, ბრალდებებში, რომ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, რომ ყველაფერზე იძახიან რუსულია, ანტიდასავლურია იმიტომ, რომ არგუმენტი და მტკიცებულება არ აქვთ, ეს არის ერთადერთი რამ, რითაც მათ შეუძლიათ თავი იმართლონ საზოგადოების და თუნდაც, საკუთარი თავის წინაშე. თუმცა ესეც ძალიან სუსტი არგუმენტია, ფაქტობრივად, ეს არაა არგუმენტი. რაც მთავარია, ამ ყველაფრიდან ჩვენ ეს ინფორმაცია გავიგეთ ამერიკული კანონის „FARA“-ს მეშვეობით. კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მოწესრიგებას ჩვენ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ ატყდა ასეთი დიდი პანიკა საქართველოში, როდესაც ჩვენ შევეცადეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სახის და მოცულობის უცხოური ჩარევები გამოაშკარავდებოდა, ეს კანონი რომ ძალაში იყოს. ახლა, რა თქმა უნდა, ვიგებთ გარკვეულწილად, თუმცა სრულ მასშტაბებზე წარმოდგენა არ გვაქვს. იგივე „FARA“-ში დაფიქსირებული მილიონ-ნახევარი დოლარის იქეთ კიდევ რა თანხები არის არ ვიცით; ევროპაში რა დაიხარჯა, ან თუნდაც საქართველოში რა დაიხარჯა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ასევე ძნელი მისახვედრი არაა, როდესაც ასეთი ჩანაწერებია ლობისტური საქმიანობის ჩანაწერში, იმის იქით სავარაუდოდ, კიდევ არის ბევრი ისეთი რაღაც, რის შესახებ ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა სეფაშვილმა.