“ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს” – დავით უსუფაშვილი

118
spot_img

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს, ვეთანხმები, რომ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველო-უკრაინას შორის ინტენსიური დიალოგი გაიმართოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატიურმა ურთიერთობებმა ნორმალიზაციამდე უნდა მიგვიყვანოს და თავიდან აგვაცილოს გაუარესება.

„ელჩი უკრაინიდან არ გამოძევებულა. საქმე აქამდე მისული არ არის და იმედია, არ მივა. ეს დიპლომატიის პრაქტიკაში არაორდინალური, ძალიან სერიოზული სვლაა, მაგრამ ელჩი არ არის გამოძევებული და დარწმუნებული ვარ, არც გამოაძევებენ. ზოგადად, დაუშვებელია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა იყოს. „ქართული ოცნება“ მოქცეულია რაღაც გაუგებარ ველზე, სადაც ნომერ პირველ პარტნიორს მტრადაა მოკიდებული. რის გამო? იმიტომ, რომ უკრაინელები ამბობენ, გადმოგვეცით ჩვენი მოქალაქე, რომელიც მანდ ციხეში გიზით და ასე შემდეგ.

გადაწყვეტილებებს პრეზიდენტები იღებენ. მე ვეთანხმები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ქვეყნისთვის დაბრკოლება არ იყოს, მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პატიმართან დამოკიდებულებაში გაითვალისწინოს და გაიზიაროს საერთაშორისო სტანდარტები. იმ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში მე ვეთანხმები, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ინტენსიური დიალოგი გაიმართოს. ეს ელჩების მეშვეობით იქნება, პრემიერების, ტელეფონით, ჩასვლა-ჩამოსვლით – ჩვენი მხრიდან უკრაინის აქ მყოფი საელჩოს წარმომადგენლებისთვის ნოტების გადაცემა და ა.შ, ეს არის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელმაც ნორმალიზაციამდე უნდა მიგვიყვანოს და თავიდან აგვაცილოს გაუარესება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.