ნათქვამია, თაგვმა თხარა, თხარაო-კატა გამოთხარაო. ხელისუფლებამ თავად გამონახა თავის დასაკლავი დანა. აღარაფერს ვამბობ სხვა სოციალურ პრობლემებზე (დაბალი ხელფასები და პენსია, უმუშევრობა, სიღარიბე, ემიგრაციაში მუდმივად მიმავალი ხალხი და სხვ.), – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე წერს.
მისი თქმით, მარტო თბილისში 400 ათასამდე მანქანაა აღრიცხული, რომელთა პატრონების ნახევარს ისინი ბანკის ვალით ჰყავს ნაყიდი და ძალიან უჭირთ მისი გასტუმრება.
“ამ გაჭირვებას მერიამ გაცილებით დიდი უბედურება დაურთო – პარკინგის სრულიად უსამართლო და მოუწესრიგებელი სისტემა, რომლის მეშვეობით ხალხს პირდაპირ ატყავებენ – ყოველთვიურად არასწორი პარკინგისათვის ხალხს საშუალოდ 200-300 ლარით აჯარიმებენ, მათ შორის თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ. საცობებით გაწამებულ ხალხს უარესი ჭირი დაატეხეს თავს- სახლის წინ ხალხს მანქანა ვეღარ გაუჩერებია- უცებ მიწიდან ამოძვრებიან კონტროლიორები და მძღოლებს ჩუმად აჯარიმებენ.
თუ ასე გაგრძელდა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მარტო თბილისში ხელისუფლება მასზე გაბრაზებული მძღოლების სახით 350 ათას ხმას დაკარგავს და ეს უეჭველია- ისეა ხალხი გამწარებული. სასწრაფოდ გააუქმეთ ქუჩებში დახაზულ ადგილებში ფასიანი პარკინგი(თუ მაინცდამაინც დააბრუნეთ 1 ლარიანი “სტაიანშიკები”- ხალხი მაინც დასაქმდება), შეწყვიტეთ მძღოლების დაჯარიმება საცხოვრებელი სახლების წინ და ახლო მიდამოებში, და ცოტა ჭკუაზე მოდით, თორემ ეს უკმაყოფილო ხალხი საპარლამენტო არჩევნებს აღარ დაელოდება- სექტემბერში 2-ჯერ მეტი ხალხი გამოვა მანქანებით, ვიდრე 7-8 მარტს და მერე ნახავთ ხალხის ძალას მართლაც. 2 თვეს გაძლევთ ამ ყველაფრის გასაუქმებლად და მოსაწესრიგებლად – ნუ ამოუყვანთ ხალხს ყელში… “- წერს ვაჟა შუბითიძე.