„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის არა მათ წევრებსა და ლიდერებში, არამედ იმ იდეოლოგიაში, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ეფუძნება. ეს პარტია ძალადობრივი იდეოლოგიის დამამკვიდრებელი ორგანიზაციაა, რომელმაც როცა ხელისუფლებაში იყო, ძალადობრივი სისტემა შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერბალური ძალადობითა და დეზინფორმაციით გამოირჩევა.
„მათი იდეოლოგია არის ძალადობა, დეზინფორმაცია და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ახალი სახე, თუ მათი არსი ერთი იქნება. სამწუხაროა, რომ ოცი დეპუტატი, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ჰყავთ, როგორც ჩანს, უმუშევარი რჩება. სხვადასხვა ოლიგარქები – ხან სააკაშვილი, ხან კეზერაშვილი პარტიაზე ზეგავლენას ფულით ახდენენ. რასაც ჩვენ „ნაცმოძრაობაში“ ვუყურებთ, ტიპური მაგალითია ოლიგარქიული მმართველობის და ასევე გავლენებით ვაჭრობის. ფული და ძალადობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.