დიტო სამხარაძე – ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავპირის ლეწვა – ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, რომლის მიღების დროსაც თავპირს ალეწავთ და ხალხს ეუბნებით, თქვენ გამო ვაკეთებთ ამას, თქვენ გჭირდებათ და ამიტომ გირტყამთ თავშიო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ხელისუფლებაში არა „ქართული ოცნება“, არამედ „ხარება“ და ის “რობოკოპები” არიან, ვინც მმართველი პარტიის დეპუტატებს იცავენ.
„ახალგაზრდებს, ვისაც თქვენ სახის ძვლებს ცხვირის ძვლებს უტეხთ, ეს შეხორცდება, მაგრამ თქვენი რეპუტაცია აღარასდროს გამთელდება. ეს უნდა გესმოდეთ. სამწუხარო რეალობაა, რომ ხალხზე ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, რომლის მიღების დროსაც თავპირს ალეწავთ. ხალხს ეუბნებით – ხალხო, თქვენ გამო ვაკეთებთ ამას, თქვენ გჭირდებათ და ამიტომ გილეწავთ თავს, ამიტომ გირტყამთ თავში, ამიტომ გილეწავთ ცხვირს, ამიტომ გაძრობთ თავის ქალას. უკაცრავად, მაგრამ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ? არ უყურეთ, რომ ე.წ. სპეცრაზმმა, ფაქტობრივად ომონმა, რასაც რუსეთში აკეთებს ფორმიანი, იგივე გააკეთეს ქართველების წინააღმდეგ. ქართველი გამოიყვანეთ ქართველის წინააღმდეგ და გაუსწორდით სასტიკად. რამდენიმე ათეული დაესხა თავს და ახალგაზრდებს სასტიკად სცემდნენ. დავიჯერო, ეს არ ნახეთ? ამის მერე, გგონიათ რომ თქვენ ხართ ხელისუფლებაში? დღეს ხელისუფლებაში არის ხარება; დღეს ხელისუფლებაში არიან “რობოკოპები”, რომლებიც თქვენ გიცავენ, რომლის გარეშე პარლამენტში ვერც შემოიპარებით, ვერც გაიპარებით. თქვენ რომ პარლამენტში მოხვიდეთ, ამიტომ ათეულობით ადამიანს თავებს უტეხენ, ულეწავენ ცხვირს, აძრობენ თავის ქალას, აკავებენ ახალგაზრდებს. მათ ჰყავთ მშობლები, დედები ამას ტელევიზიით უყურებენ. მაგრამ თქვენ რომ დედები არ გაინტერესებთ, ეს გამოჩნდა, როდესაც სახლებში უვარდებით ხალხს. ვის თავში მოიხარშა? დიტო სამხარაძე – ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავპირის ლეწვა. ასე გიყვართ ქართველი ხალხი. სარწმუნოებაზე ლაპარაკობთ და აღდგომის კვირაში ადამიანებს თავის ქალა ააძვრეთ, აღდგომის კვირაში სახლებში მიუვარდით, სცემეთ, თან როგორ აკეთებთ ამას – რამდენიმე ათეული “რობოკოპი” დაესევა ადამიანს. ასევე რამდენიმე ათეული ადამიანი ლაჩრობაზე ლაპარაკობდით – მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად რომ გაუსწორდნენ, ეს ლაჩრული ყოფილა და სახლში მივარდნა, თურმე ვაჟკაცობაა. ქალებთან ერთად, შვილებთან ერთად ადამიანების ცემა ყოფილა ვაჟკაცობა, ეს ყოფილა მამული, ენა, სარწმუნოება. რეალობაში, როგორც რუსეთში ცინიზმის მწვერვალია, ქართველ ხალხზე ზრუნვის სახელით გაუტეხეთ ცხვირები ადამიანებს. სახანძრო, სპეცრაზმი, “რობოკოპებია” მობილიზებული პარლამენტში, ლამის ტანკები გამოიყვანოთ ახალგაზრდების წინააღმდეგ. თან ამბობთ, ამას ვაკეთებთ თქვენთვისო. არავის სჭირდება ეს კანონი, ნუ აყრით ხალხს თვალში ნაცარს. უნდა გესმოდეთ, თქვენ აუცილებლად გაგისწორდებათ ქართველი ხალხი პოლიტიკურად. ამ ქვეყანაში ყველას უნდა ესმოდეს, რომ სიძულვილი უნდა დამთავრდეს, რასაც ყოველდღიურად აღვივებთ. უნდა გესმოდეთ ისიც, რომ ვინმე რამეს თუ მოგიტევებთ ისევ ვიქნებით ჩვენ, ქართველი ხალხი, რომელიც სულგრძელია. ფიზიკურად არავინ არაფერს გავნებთ, მაგრამ ფიზიკურზე მეტი ტკივილი გელოდებათ და ეს არის საქართველოს ისტორია, რომელსაც უკუღმა წერთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ღირსეულად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პლენარულ სხდომაზე ხაბეიშვილის გამოსვლას უმრავლესობის წევრების მხრიდან ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დიმიტრი სამხარაძის მხრიდან ხაბეიშვილის მისამართით ისმოდა გინებაც.