“კეზერაშვილმა საქართველოს ჯარისგან ნაძარცვი ფულით გააგრძელა საქმიანობა”

49
spot_img

ჩემთვის, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, დავით კეზერაშვილი არის პირი, რომელმაც საქართველოს ჯარისგან ნაძარცვი ფულით გააგრძელა საქმიანობა, რაზეც აქამდეც დიდი ხანია, საუბარი იყო. დღეს უკვე „ბიბისის“ გამოძიება ვიხილეთ, რომ ძალიან ამორალურ ქმედებაში ყოფილა ჩართული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

„საინტერესოა, როგორ მოიქცევიან მაღალი პედესტალიდან მოსაუბრე მისი მედიის აპოლოგეტები და ჟურნალისტები, რომელთაც ჟურნალისტურ საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ. საზოგადოებამ კარგად იცის, ეს ადამიანები ვინ არიან და რა მორალი აქვთ. საინტერესოა, ამ ყველაფერს როგორ ახსნიან. ვხედავთ, რომ კეზერაშვილი დაინტერესებულია, მართოს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესები და დააფინანსოს რადიკალური ოპოზიცია, არამედ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ის პენსიონრებისგან წაღებული ფულით აფინანსებს მედიას. ასეთი ფულით დაფინანსებული ჟურნალისტები კი ცდილობენ, საზოგადოებაში ჩამოაყალიბონ აზრი, რომ ხელისუფლება, მათ შორის, რევოლუციური გზით უნდა შეიცვალოს. ასეთი ადამიანები ხალხს მორალს უკითხავენ. დაფინანსებას იმ ადამიანისგან იღებენ, ვინც საკუთარი ქვეყნის ჯარისგან ფული წაიღო და ახლა ასეთ ამორალურ ქმედებაშია მხილებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.