“კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და ვითარებას ადეკვატურად ვერ პასუხობს”-ეკა სეფაშვილი

101
spot_img

კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და ვითარებას ადეკვატურად ვერ პასუხობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩისგან არც ისე პროფესიონალური და არადიპლომატიური განცხადებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.

„იგივე ანსამბლ „მართვეს“ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა 50 არასრულწლოვანისთვის ვიზების გაცემას, კელი დეგნანი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, მაშინ როდესაც უფრო კომპეტენტური პასუხის გაცემა შეეძლო. სულ მცირე, ის მაინც შეეძლო ეთქვა, რომ ამ საკითხს მოიძიებდა და შეისწავლიდა, მაგრამ მსგავსი ტიპის განცხადებებს კელი დეგნანისგან ხშირად ვისმენთ.

მაგალითად, მაშინ, როდესაც გვაფრთხილებს, საქართველომ სანქციები არ დაარღვიოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო, რაზეც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ფრენები მხოლოდ არასანქცირებული თვითმფრინავებითა და კომპანიებით შესრულდება.

იგივე, როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი მოხსნა საქართველოსთან, კელი დეგნანი გამოვიდა და დაგვმოძღვრა, თურმე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა დეოკუპაცია უნდა იყოს. მის გარეშეც ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ნომერ პირველი ამოცანაა, მაგრამ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობიანი, ნდობის პოლიტიკის განხორციელებით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. რამე თუ შეუძლია აშშ-ს, დაგვეხმაროს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ. ან როდესაც „გვასწავლის“, ეს ფრენები ტექნიკური უსაფრთხოების დაცვით უნდა შესრულდესო, ეს ხომ ისედაც ყველამ ვიცით? ასე რომ, ცოტა არ იყოს, კელი დეგნანისგან მთლად პროფესიონალური და დიპლომატიური პასუხები არ ისმის ხოლმე. ამას ყველა შეჩვეული ვართ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.