კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო შეიარაღებული ადამიანი, ყველა მოქალაქე ხედავს, რომ მხოლოდ შეიარაღება იცავს ასეთი მოძალადეებისგან, მით უმეტეს, როცა ამ მოძალადეების უკან მთავრობა დგას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ მთავრობას მოქალაქეები არ აკონტროლებენ, მას შეუძლია, იძალადოს პოლიტიკურ ოპონენტებზე.
„თუ ეს ძალადობა უბრალოდ გაგრძელდება მთელი იმ სიძულვილის კამპანიით, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ მოდის და, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიმართულია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის ზრდაში, როგორც ჩანს, ხედავენ „ქართულ ოცნებაში“ გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობას. კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო შეიარაღებული ადამიანი, მე მგონი ყველა მოქალაქე ხედავს, რომ მხოლოდ შეიარაღება იცავს ასეთი მოძალადეებისგან, მით უმეტეს, როცა ამ მოძალადეების უკან მთავრობა დგას. მე არ მჯერა, რომ დიტო სამხარაძეს იმუნიტეტს მოუხსნიან და დაიწყება მისი სათანადო გამოძიება. მაგრამ იმედია, ეს მაგალითები გააგებინებს ჩვენ მოქალაქეებს, რომ მთავრობა უნდა ჰყავდეს მოქალაქეს კონტროლის ქვეშ. თუ მთავრობას მოქალაქეები არ აკონტროლებენ, მას შეუძლია ასეთი რაღაცები გააკეთოს, ასე იძალადოს პოლიტიკურ ოპონენტებზე და თუ დეპუტატები და პოლიტიკური პარტიები არიან ძალადობის მსხვერპლები, მაშინ რიგითი მოქალაქე კიდევ უფრო დაუცველია და ეს არის მთავარი, რაც უნდა გამოიტანოს ამომრჩეველმა და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, გასულ ღამეს პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ.