“კანონმდებლობით დაცულია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების უფლებები” – ირაკლი ქადაგიშვილი

13
spot_img

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით დაცულია ყველა ადამიანის, მათ შორის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა უფლებები.

მისივე მოსაზრებით, ფსევდოპროპაგანდას საქართველოში გასაქანი არ უნდა მიეცეს.

„სამწუხაროდ, რატომღაც კაცობრიობა ისეთი მიმართულებით მიდის, თითქოსდა ადამიანის უფლებების საუკეთესო დაცვის საბურველ ქვეშ ადამიანებს ნელ-ნელა გვეკრძალება ის, რაც კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო – ჩვენს მშობელს დედა რქმეოდა და კაცს – მამა, გოგოს – გოგო, ბიჭს – ბიჭი. როგორც ჩანს, ამას ბოლო არ აქვს. ხშირ შემთხვევაში, ეს არა რომელიმე ერის ტრადიციას და სარწმუნოებას უპირისპირდება, უპირისპირდება ადამიანის არსს, შინაარს და რაობას. აქედან გამომდინარე, ამას ვერც ლიბერალიზმს დავარქმევ და ვერც რაიმე სხვა პოლიტიკურ თუ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. ეს არის ადამიანის ბუნებრივი რჯულის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ვაპირებ, ჩემს შვილებს და როცა შვილიშვილები მეყოლება, მათ არც დედა, არც მამა, არც ბაბუა და ბებია არ ავუკრძალო. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ ფსევდოპროპაგანდას საქართველოში რაიმე გასაქანი უნდა მიეცეს. სხვათა შორის, ჩვენი კანონმდებლობით ყველა ადამიანის უფლებას ვიცავთ, მათ შორის განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობების უფლებებს. ამის იქით წასვლა უკვე მიუღებელი უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადების შეფასებისას.

„ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა და გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“.