,,კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ უფრო წინ წავიწიოთ”- გურამ მაჭარაშვილი

66
spot_img

სწორედ პოლიტიკურმა პროცესებმა უზრუნველყო კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია, რადგან ვთქვით, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები იმისთვის გვინდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა იყოს, თორემ, თუ იმას მეტყვი, ევროპა თუ გინდა, რუსებს უნდა ეომოო, რასაც თავად შენ, ევროპა არ აკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს ქოლგა გიცავს, მე კი უფრო მეტად მოწყვლადი ვარ რუსეთის მხრიდან, ბუნებრივია, ამაში არ დაგეთანხმები, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა მშვიდობისა და სუვერენიტეტის მიმართ ხელისუფლებისა და საზოგადოების ღირსეულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

„რომ არა ჩვენი, „ხალხის ძალის“ ასეთი პრინციპული დამოკიდებულება და რომ არა ხალხის პოზიცია, რომ დაცული იყოს მშვიდობა, დაცული იყოს სუვერენიტეტი და ვასალურ დამოკიდებულებაზე უარი ვთქვათ (რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა, რომ პრაგმატული პოლიტიკა ეწარმოებინა), კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ.

როდესაც დაინახეს, რომ საქართველოში არსებობს საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპული ღირებულებები, მაგრამ, არ უნდა ომი და სუვერენიტეტის დაკარგვა; რომ საქართველოში ქართული ხელისუფლებაა, რომელიც პირველ რიგში პროქართულია და მერე არის პროევროპული, თქვეს, რომ ამ ხალხთან არ გაგვივა ვასალური დამოკიდებულება და მოდი, ისევ პარტნიორულ დამოკიდებულებას დავუბრუნდეთო. ამიტომაც გადაწყდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა. თორემ, კარგად ვიცით და ოპოზიციონერმა დეპუტატმაც აღიარა, რომ არა მხოლოდ შეფასებებით ხდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ, პოლიტიკური პროცესის მიხედვითაც. სწორედ ამ პოლიტიკურმა პროცესებმა უზრუნველყო ეს რეკომენდაცია, რადგან ვთქვით, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები იმისთვის გვინდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა იყოს, თორემ, თუ იმას მეტყვი, ევროპა თუ გინდა, რუსებს უნდა ეომოო, რასაც თავად შენ, ევროპა არ აკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს ქოლგა გიცავს, მე კი უფრო მეტად მოწყვლადი ვარ რუსეთის მხრიდან, ბუნებრივია, ამაში არ დაგეთანხმები.

კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ უფრო წინ წავიწიოთ და ევროპამაც დაინახოს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, მათ შორის, ევროპული ღირებულებების კიდევ უფრო გასაზრდელად, იმიტომ, რომ ევროკავშირი გაფართოვდება იმ რეგიონში, სადაც დღეს საქართველო არის როგორც ოქროს აკვანი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობაა აქ, მაშინ, როცა ასეთი დიდი ომებია ჩვენს რეგიონში, არამედ, იმიტომაც, რომ აქ არის ზუსტად დემოკრატიის აკვანი, სადაც ამერიკისა და ევროპის ხმა მსოფლიო საზოგადოებამ შეიძლება გაიგოს. ეს დაინახა ევროპამ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს დაინახავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.