,,აკრძალული რუსული ნავთობი პენტაგონის მიწოდების ჯაჭვში მოხვდა”- The Washington Post

93
spot_img

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საბერძნეთსა და თურქეთში მიმწოდებლების მეშვეობით ნავთობპროდუქტებს იღებს, რომელთაგან ზოგიერთი რუსული წარმოშობის შეიძლება იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

გაზეთის მასალაში აღნიშნულია, რომ ნავთობპროდუქტების მიწოდება პენტაგონის კონტრაქტებით განხორციელდა, კერძოდ საბერძნეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის – Motor Oil Hellas – მეშვეობით.

რუსულ ნავთობზე სანქციების შემოღების შემდეგ, ნავთობპროდუქტების მიღება დაიწყო არა უშუალოდ ქარხანაში, არამედ შუამავლის მეშვეობით – თურქული ნავთობტერმინალი ქალაქ დიორთიოლში, რის შემდეგაც, რუსული ნავთობის შერევა და რამდენიმე ტანკერით გადატანა ხდებოდა მისი წარმოშობის დასამალად.

გაზეთ The Washington Post-ის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დიორთიოლის ტერმინალმა 5.4 მილიონი ბარელი მაზუთი მიიღო, საიდანაც მხოლოდ 1.9 მილიონი ბარელი არ იყო რუსული წარმოშობის.

უფრო მეტიც, 2023 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა, რუსეთიდან დიორთიოლში მიწოდების მოცულობამ 2.7 მილიონი ბარელი შეადგინა.

გაზეთ The Washington Post-მა ვერ დაადგინა რუსული წარმოშობის მაზუთის ზუსტი რაოდენობა პენტაგონის მიერ შეძენილ პროდუქტებში, რადგან ასეთი პროდუქტები მუშავდება მრავალი ინგრედიენტის გამოყენებით, რისი მოკვლევაც შეუძლებელია წარმოების ყველა ეტაპზე.

ცნობილია, რომ 2022 წლის მარტიდან, როდესაც აშშ-მა სანქციები დააწესა რუსულ ნავთობზე, პენტაგონმა Motor Oil Hellas-თან ახალი კონტრაქტები გააფორმა, რომლის ღირებულება თითქმის 1 მილიარდი დოლარია.

პენტაგონში გაზეთ The Washington Post-ს განუცხადეს, რომ მათ არ იციან ნავთობპროდუქტების რუსული წარმოშობის შესახებ, რადგან სანქციების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ კონტრაქტორებს, კერძოდ Motor Oil Hellas-ს, ხოლო თავად პენტაგონს არ აქვს ინსტრუმენტები მომწოდებლების გასაკონტროლებლად.

თავად Motor Oil Hellas-მა განაცხადა, რომ კომპანია არ ყიდულობს, არ ამუშავებს და არ ვაჭრობს რუსული ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით და მის ყველა იმპორტს აქვს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც არ ექვემდებარება სანქციებს.