ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა

68
spot_img

ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა.

„პრეზიდენტისთვის ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. თუ ეს თავდასხმები გაგრძელდება, აშშ შესაბამის დროს მის მიერ არჩეული ფორმით იმოქმედებს“, – აღნიშნა უოტსონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის მრჩეველ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან კონსულტაციების შემდეგ საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.

„ეს შეტევა იმ ელემენტებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავს მიზნად, რომლებიც ერაყსა და სირიაში კოალიციის ძალებზე თავდასხმებზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენ ჩვენს ძალებს ყოველთვის დავიცავთ“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ.