ჯანდაცვის სამინისტრომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

68
spot_img

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა – Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს.

„ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.